ახალი ამბები საზოგადოება

სანაია: საქართველოს ეკლესიიდან ღმერთი განდევნილია

საქართველოს ეკლესიიდან ღმერთი განდევნილია, – აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, მორჩილება – აი, რა არის მთავარი, დანარჩენს ყველაფერს მიგიტევებენ – ხალხის ფულის მოპარვიდან ნებისმიერ ცოდვამდე. ,,სოჩიკი” ხომ მღვდელს უპყრია ხელთ და ჩამოყრის, გაანულებს ცოდვებს ეგრევე.

„საქართველოს ეკლესიიდან ღმერთი განდევნილია. არანაირი შეხება ქრისტიანობასთან არა აქვს, რასაც ქადაგებენ. უფრო მეტიც, პირდაპირ ეწინააღმდეგება ქრისტიანობასა და საერთოდ ყველა რელიგიას, რასაც ვისმენთ.

ქრისტე ღმერთი არ აწყობთ. ჯერ ერთი, მღვდლების უმრავლესობას საერთოდ არ ესმის საკითხი. ვისაც ესმის, მას არაფერში სჭირდება. გამოიგონეს სულ სხვა ღმერთი, რომელიც იესოს კი არა, ძველი აღთქმის ღმერთსაც კი არა ჰგავს.

როგორ იყენებენ ამ ახალ ღმერთს, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ დასჯაზე, შიშზე, მორჩილებაზე. ამბიონზე მდგარი მღვდელი სინამდვილეში თავის თავს წარმოაჩენს, როგორც სწორედ ამ ღმერთის მინიმოდელს. მოძღვარმა თქვა – ესე იგი, ასეა. დაგსაჯა მოძღვარმა – ესე იგი, ღმერთს ასე უნდა. მიგითითა მოძღვარმა, წადი და ხმა მიეციო ხან ერთ პარტიას, ხან მეორეს – ესე იგი, ასეა საჭირო; მოძღვარმა მოგიწოდა, წადი და დაარბიეო ხალხი – ესე იგი, ნაკურთხია და დაუმტვრიე თავ-ყბა.

მორჩილება – აი, რა არის მთავარი, დანარჩენს ყველაფერს მიგიტევებენ – ხალხის ფულის მოპარვიდან ნებისმიერ ცოდვამდე. ,,სოჩიკი” ხომ მღვდელს უპყრია ხელთ და ჩამოყრის, გაანულებს ცოდვებს ეგრევე. მრევლს არწმუნებენ, რომ სწორედ ამ გზით მიიღწევა სასუფეველი. მერე ამ მრევლის სახელით საპატრიარქო წავა მთავრობასთან და გამოივაჭრებს ქონებას. მთავრობა კი ხმების სანაცვლოდ მზადაა, ჩამოარიგოს ამავე მრევლის მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფული და ქონება ეპარქიებში.

ერთხელ პირველ კურსზე ვიყავი, როცა უნივერსიტეტიდან სიონში წაგვიყვანეს სტუდენტები. ვიღაც რუსი წმინდანის ძვალი ჩამოიტანეს. რომ მივედით, გვითხრეს, ახლა შესასვლელებთან დადექით და ჯაჭვი გააკეთეთ, რომ ხალხი მოწესრიგებულად შევიდესო. მე რის ჯაჭვში ჩამდგომი ვიყავი ვიღაცის ძვლის გამო, ამიტომ შევედი შიგნით და ამ სიწმინდესთან დავდექი. ვერ აგიხსნით, რა ხდებოდა, კოცნიდნენ იმ შუშას, რომლის შიგნითაც იდო ძვალი. ვფიქრობ, რამ გადარია ეს ხალხი, ამას რატომ აკეთებენ, რა ძალამ მოიყვანა აქ ესენი. მაშინ ამას საფუძვლიანად ვერ ვხვდებოდი. მერე თანდათან ნათელი გახდა, რომ სწორედ ამგვარ ,,სასწაულებზე” დგას ეკლესია.

რა ქრისტე, რის მოძღვრება, ვის აინტერესებს ეგ. ძვალი განგკურნავს, სთხოვე – ყველაფერს შეგისრულებს და თუ არ შეგისრულებს, ესე იგი, შენი ბრალია – რაღაც ვერ გააკეთე სწორად და უფალი გსჯის. ასეთი დაბეჩავებული და დათრგუნული აღმოჩნდები მღვდლის ხელში და მერე როგორც გადაწყვეტს, ისე გაბურთავებს“, – წერია ტექსტში.

სანაია ასევე აღნიშნავს, რომ გაბრუებული მრევლი მზადაა ყველაფერი უპირობოდ მიიღოს. რელიგიური შეუწყნარებლობა. სწორედ ამაზე დგას მთელი რუსული ხაზი.

„ამიტომ იგონებენ დაუსრულებლად ზღაპრებს – უხრწნელი ისა, უხრწნელი ესა, ზეთი, მირონმდინარე ხე და ათასი მსგავსი. რაღაც შამანებად იქცნენ. მღვდლები გასცდნენ ყველაფერს და მჩხიბავებს დაემსგავსნენ. რაღაც მკურნალობის საკითხებს წყვეტენ, თითქოს რამე ესმოდეთ მედიცინაში. აგერ კორონავირუსი ნათელი მაგალითია. ამ უმეცრებით რამდენი ადამიანი დაღუპეს. მერე რა – ღვთის ნებაა.

და აი აქ შემოდის კიდევ ერთი ამბავი. ეს გაბრუებული მრევლი მზადაა ყველაფერი უპირობოდ მიიღოს. რელიგიური შეუწყნარებლობა. სწორედ ამაზე დგას მთელი რუსული ხაზი. რა დავარქვა – პირობითად, ,,რელიგიური შოვინიზმი” იყოს.

საქართველოს ეკლესიას ებრძვიან – ესაა კოზირი. ებრძვის ყველა – მასონები, ამერიკა, ევროპა, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი. აი რომ გაიღვიძებენ, ყველანი იმაზე ფიქრობენ, რომ საქართველოს ეკლესიას ებრძოლონ. რატომ ? კი, მაგრამ რას ერჩიან ? იმიტომ ერჩიან, რომ უნდათ მართლმადიდებლობის განადგურება. აი ამას რომ მიაღწევენ, მერე ანტიქრისტე დაჯდება ტახტზე და აი სრული ბოდვის კორიანტელი. ხო ვითომ სასაცილოა, მაგრამ სინამდვილეში სატირალია. მრევლი იჯერებს, რომ მთელი სამყარო პირობითად, ანდრია ჯაღმაიძეს ებრძვის.

აი მთელ მსოფლიოში გეები იღვიძებენ დილით და იმაზე ფიქრობენ, როგორ დაუპირისპირდნენ საქართველოს ეკლესიას. რა მზაკვრობაა ახლა აქ ჩადებული. ეშინია ადამიანს – ყველა მე თუ მებრძვის და მთავარი რამეების წართმევას ცდილობს, მე ხომ უნდა დავიცვა საკუთარი თავი, რომ შვილს ორიენტაცია არ შეაცვლევინონ პროპაგანდით. ხომ უნდა დავიცვა ეკლესია, ქართველობა, ტრადიციები. უფრო სწორედ ეკლესია დამიცავს, მე მხოლოდ მორჩილება მევალება და ხანდახან დავალებების შესრულება. იჯერებს ამას და თავისი მისია ჰგონია. მთავარი სიტყვა მართლმადიდებლობაა. და სად არიან კიდევ მთავარი მართლმადიდებლები – ჩრდილოეთში. სხვაგანაც, მაგრამ ეგენი მაინცდამაინც სანდონი არ არიან. მაინც ევროპაში არიან და შეიძლება, არეული აქვთ ტვინი. მერე ყველა მტერია საქართველოს შიგნითაც, ვისაც დასავლეთი უნდა. ნამდვილები აგერა ვართ – ჩვენ და რუსები. მორჩა – საქმე გაკეთებულია. ითარგმნება რუსულიდან გაუგებარი წიგნები, რომ ვიღაც პეწია ყველა დაავადებას კურნავს სადღაც ურალში. მერე რომელიღაც რუსი წმინდანის ლავიწის ძვალი ჩამოაქვთ და ერთი სივრცე იქმნება. საქართველოს ეკლესია დღეს რუსული კულტურული და რელიგიური სივრცის ნაწილია.

ერთი სიტყვით, უმძიმესი მდგომარეობაა“, – წერს ვახო სანაია.

იტვირთბა....