ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პანორამა თბილისის” ჩრდილქვეშ: ვის სურს რუსთაველის გამზირზე N1 კორპუსის ხელში ჩაგდება?

მეტრონომის რეპორტაჟი “პანორამა თბილისის” მშენებლობის ადგილიდან

პროექტ „პანორამა თბილისის“ გარშემო კამათი კვლავ გრძელდება. საზოგადოება გარდა ქალაქის იერსახის დამახინჯებისა, საცხოვრებელი პირობების გაუარესებაზეც საუბრობს. “მეტრონომმა” გადაწყვიტა ადგილზე მისვლა და რეპორტაჟის გაკეთება.

2_9f53d

რუსთაველის №1-ის მაცხოვრებლები პუშკინის სკვერში მიმდინარე სასტუმროს მშენებლობის პარალელურად, კორპუსის წინ 54-მეტრიანი კედლის აშენებას აპროტესტებენ. კედელი საცხოვრებელი კორპუსიდან მხოლოდ ერთი მეტრით იქნება დაშორებული.

IMG_5770

რუსთაველის №1-ის მაცხოვრებლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ამ კედლის აშენების შედეგად მათ სინათლესთან ერთად, ჰაერის მიწოდებაც შეეზღუდებათ.

“ჩვენ არ ვართ ინფორმირებულები სადამდე ადგამენ და რა მანძილს გვიტოვებენ. აქ პატარა ადგილიც რომ დატოვონ, მაინც ნაგვის ბუდე იქნება. ამ კედელს ჩვენ პირდაპირ გვადგამენ, მხარეს საერთოდ გვიხურავენ, სინათლის წყარო აღარ გვექნება, ჰაერსაც გვიზღუდავენ. სიტყვიერად კი გვითხრეს, რომ შევცვალეთ და იქით გავწევთო, მაგრამ ოფიციალურად პასუხს არ გვეუბნებიან. ამიტომ, სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და 16 თებერვალს  განხილვა იქნება. უნდა გავიგოთ, საბოლოოდ ეს პროექტი დამტკიცებულია თუ – არა, შეცვალეს თუ – არა“ – ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი ლევან კუბლაშვილი.

IMG_5775

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ რუსთაველის მხარეს, სადაც ერთი ფანჯარა აქვთ, ვერ აღებენ, რადგან ხმაური და გამონაბოლქვი აწუხებთ.

“ჩვენ მარტო მიწისქვეშა პროექტი გვაჩვენეს, მიწის ზევით რა ხდება, არ ვიცით. კორპუსთან ახლა შეუძლიათ სხვა შენობის თავისუფლად მიდგმა. ადრე სტანდარტები იყო, ვთქვათ, 7 ან 8 მეტრი. არ შეიძლებოდა აშენებულ სახლთან შენობის მიდგმა.

IMG_5776

რუსთაველის მხარეს ჩვენ გამონაბოლქვიც გვაწუხებს, ფანჯარას ვერც ზამთარში და ვერც ზაფხულში ვერ ვაღებთ. აქედან პატარა სინათლისა და ჰაერის წყარო გვქონდა, ახლა, ესეც აღარ გვექნება. გარდა ამისა, როცა აქ სასტუმროს ჩადგამენ, ალბათ ყველა გამწოვი ამ მხარეს იქნება. თვითონ ჩვენი კორპუსი 6-სართულიანია და ალბათ 30 მეტრზე მეტი არ იქნება. ახლა კი წინ ორჯერ მეტ კედელს გვიდგამენ. აღარც სინათლე და აღარც ჰაერი აღარ გვექნება“ – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ნელი კუბლაშვილი.

კიდევ ერთი მოსახლე ამბობს, რომ გარდა ზემოთაღნიშნული პრობლემისა, „პანორამა თბილისის“ ეს ნაწილი და ზოგადად მთლიანი პროექტი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

“ეს ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. რატომაა მოსაწონი ძველი თბილისი? – იქ ერთნაირი, ქართული სახლებია აშენებული. ამას შენება არ ქვია, ამას ქალაქის იერსახის დამახინჯება ქვია. აქ იქნება მაღალი შენობა, მინებიანი. ერთი მხრივ, ჩვენ, მაცხოვრებლები დავზარალდებით და მეორე მხრივ, ქალაქი დაზარალდება“ – ამბობს რუსთაველის პირველ ნომერში მცხოვრები დოდო გუმბერიძე.

IMG_5778

არასამთავრობო ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქრის” წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე დაგეგმილი ნაგებობა მეხუთე კლასის კატეგორიაში შედის, ასეთი ტიპის ნაგებობებზე კი ყველაზე მეტი სიმკაცრე უნდა იყოს, რადგან ყველაზე დიდი რისკია. ამ შემთხვევაში კი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა და მიღება გაადვილებულია.

„მეხუთე კლასის კატეგორიაში ყველაზე უფრო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები შედის. ეს არის მაგალითად: მეტროს გვირაბები, ხიდები, ანუ საინჟინრო ნაგებობები და მათ შორის შენობები, რომელთა მალებს შორის დაშორება კონკრეტულ ზღვარს სცდება.

რაც შეეხება თავად ე.წ. ცეკავშირის შენობას, ეს მეხუთე კლასის შენებობაში გადის და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტაციის მიხედვით, მათ შეუძლიათ 2 წლის მანძილზე, ანუ 2017 წლამდე, ეტაპობრივად წარადგინონ ის დოკუმენტები, რომლებიც პროექტის დამტკიცების პროცესში არ იყო წარდგენილი. ეს ართულებს მონიტორინგის თემასაც – როდესაც არ იცი რა კეთდება და არ გაქვს ხელთ ის დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც შეგიძლია აკონტროლო, მონიტორინგი გაუწიო მშენებლობას, ძალიან ძნელია ამ პროცესზე რაიმე კუთხით თვალყურის დევნება.

კანონი პირდაპირ არის მორგებული ამ ცვლილებაზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანონი სამართლიანია“ – ამბობს “მეტრონომთან” ელისაშვილი.

მისი თქმით, ის, რომ თავად მოსახლეობა თავიანთ პოზიციას გამოხატავს, ძალიან კარგი პრეცედენტია და ამბობს, რომ რუსთაველის №1-ში, გარდა იმის გააზრებისა, თუ რა არის „პანორამა თბილისი“ ქალაქისთვის, სხვა პრობლემაცაა.

IMG_5781

“აივნის კონტურის ხაზიდან ერთ მეტრში დგება ეს ნაგებობა, რაც თავის დროზე ე.წ. ცეკავშირის შენობის არსებობის დროს ასე არ იყო, იმიტომ, რომ დაშორება რუსთაველის პირველ ნომერს შორის ძალიან დიდი იყო და ამ თვალსაზრისით, მათი უფლებები ირღვევა, მათი მდგომარეობა უარესდება. ამ სახლში, რუსთაველის პირველ ნომერში მცხოვრები მოსახლეობის უძრავი ქონების ფასი ამით ხელოვნურად დაიკლებს. იმიტომ, რომ ბინის გაყიდვა ვინმეს რომ უნდოდეს, არავინ იყიდის, რადგან იციან, რომ წინ ასეთი ნაგებობა იქნება“ – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი ვარაუდით, ეს ყველაფერი წინასწარ განზრახულად არის გაკეთებული, რადგან მათ უნდათ, რომ ამ შენობის ბინების ფასი ხელოვნურად  დაწიონ, რომ შემდეგ უფრო ადვილად გამოისყიდონ და იგივე პოზიცია დაიკავონ – რუსთაველის მხარეს, შენობის ნახევარი გავიდეს.

„მას შემდეგ, რაც „ტფილისის ჰამქრის“ წევრებმა ამ ნაგებობის ფოტოები გამოვაქვეყნეთ და ვთქვით, რომ ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ეს უკვე კანონდარღვევაა (იმიტომ, რომ რუსთაველის პირველ ნომერს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს), თქვეს, რომ ეს კონცეფციის ნაწილი იყო, მაგრამ არ იყო გადაწყვეტილი მათი მხრიდან, რომ ასე გააკეთებდნენ. შემდეგ მათ აღარ წარმოადგინეს ეს პროექტი, რომელიც ამ შენობის მთლიანად დანგრევას ითვალისწინებდა“ – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, თვითონ პროექტს, რომელიც სამ ლოკაციას შეეხება – ცეკავშირის ადგილი, ერეკლეს მოედანი და სოლოლაკის ქედი, საკანონდმებლო თვალსაზრისით იმდენად გამართეს და იმდენად მოარგეს კანონმდებლობა, რომ იურიდიულად ხელჩასაჭიდი აღარაფერია.

IMG_5783

„ამიტომ, რაც შეეხება მოსახლეობის სარჩელს, ეს სხვა თემაა, მაგრამ უკავშირდება იგივე პროექტს. რაც შეეხება აქტივობას, ჩვენ ამ თვალსაზრისით ფარხმალი არ დაგვიყრია, რა თქმა უნდა, ამ კუთხით გააქტიურებას ვაპირებთ. ჩვენ არ შეგვიწყვეტია კონტაქტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებმაც ძალიან მძლავრი განცხადებაც გააკეთეს. 13 საერთაშორისო ორგანიზაცების მხრიდან წერილი პრეზიდენტის, პრემიერის, კულტურის სამინისტროს, ეკონომიკის მინისტრის, თბილისის მერის სახელზე დაიწერა, სადაც  „პანორამა თბილისის“ მიუღებლობას ასაბუთებდნენ. ჩვენ მათთან კონტაქტი გვაქვს და ვფიქრობთ, მათი მხრიდან შესაძლოა კიდევ ერთი აქტივობა დაფიქსრიდეს, მაგრამ არა წერილობით სახით, არამედ ცოტა სხვა ფორმით. ასევე ეს საზოგადოების აქტივობაზეცაა დამოკიდებული – რამდენად მიხვდება ამ ქალაქის მოსახლეობა იმას, რომ ეს პროექტი არ არის მხოლოდ ის პროექტი, რომელმაც შეიძლება გავლენა არ მოხდინოს მათ საცხოვრებელ პირობებზე. ამ პროექტს იმხელა ჯაჭვური რეაქცია მოყვება, სატრანსპორტო კვანძის გადატვირთვის თვალსაზრისით, ჰაერდაბინძურების თვალსაზრისით, ლანდშაფტის დიდი ზომის განადგურების თვალსაზრისით. ეს უკე ცალკეული ადამიანის, ან დარგის სპეციალისტების პრობლემა არ არის, ეს თბილისის პრობლემაა“ – აღნიშნა ელისაშვილმა.

როგორც რუსთაველის №1-ის მოსახლეობამ განაცხადა, 16 თებერვალს ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო განხილვაა დაგეგმილი. ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფომ ყველა კანონი სწორედ ამ პორექტს მოარგო და სამართლებრივი დავის საფუძველი უგულებელყო,  ძალიან დიდი ალბათობით, მათ მოუწევთ „პანორამა თბილისის“ ჩრდილქვეშ ცხოვრებას შეეჩვიონ.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....