გვარამიამ შეცდომაში შემიყვანა და ჩემთვის უცნობი გარემოებებით ტექსტი ხელმოწერის შემდეგ განავრცო, – აღნიშნულის შესახებ მედიასთან სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მას საკმაოდ დიდი შოკი ჰქონდა და აღნიშნულმა ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენა.
„მოგახსენებთ, რომ დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი, ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითიც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი როგორც ექიმის დისკრედიტაციას”, – აცხადებს გორის ჰოსპიტლის ექიმი ნინო გოგორიშვილის სახელით.
როგორც გოგორიშვილი მედიასთან აღნიშნავს, მან ნაწილობრივ მართლა თქვა, რომ სააკაშვილის რეაბილიტაცია მხოლოდ მისი გათავისუფლების შემთხვევაში მოხდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომ ეს საზღვარგარეთ უნდა მოხდეს.
„ნაწილობრივ სიმართლეა და ნაწილობრივ არა, მე არ მითქვამს რომ სააკაშვილი გაყვანილ უნდა იქნას საქართველოდან სამკურნალოდ. მე ვუთხარი, რომ ფსიქორეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ ადამიანი არის თავისუფალი. ეს სად იქნება უკვე ჩვენ არ გვეხება“, – აცხადებს ნინო გოგორიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ნიკა გვარამიამ წაიკითხა ნინო გოგორიშვილის მიერ ხელმოწერილი ოქმი, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილის რეაბილიტაცია მხოლოდ მისი თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.