საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია, გორის ჰოსპიტალში გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გვარამიამ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ ბადრაგებმა ძალა არაერთხელ გამოიყენეს.
“პირველი შევიდა მკურნალი ექიმი გოგორიშვილი და განუცხადა, რომ გაწერეს. შემდეგ შევიდა ორი შავფორმიანი და უარის მიუხედავად, დაუწყეს იძულებით გაყვანა. იყო შეხლა-შემოხლა. კრიზი ჰქონდა და დააბრუნეს საწოლში. წნევა 180/110-ზე. პულსი 140. სახალხო დამცველის წარმომადგენლის გასვლისთანავე საათის მოხსნის მიზეზით შევიდა რამდენიმე ბადრაგის წარმომადგენელი, ლოგინში ეჯაჯგურნენ და მოხსნეს იძულების გამოყენებით საათი”,- ამბობს გვარამია.