ახალი ამბები პოლიტიკა სამართალი

ბრეგაძე სააკაშვილზე: როცა კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილება, იძულებითი ღონისძიებების გამოყენება შეიძლება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ როდესაც ყოფილი პრეზიდენტი კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილება, შეიძლება იძულებითი ღონისძიებების გამოყენება.

მისივე თქმით, ნათლად იხილა საზოგადოებამ, რომ სააკაშვილს ყველა რესურსი მიეწოდება და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია 19 ნოემბრიდან მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის დასრულების შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ, რასაც ის არ დაემორიჩილა, აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა ნწვეა, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება მისი გადაყვანის შეჩერების შესახებ.

ვრცელდება ძალიან ბევრი ინფორმაცია და ამ სპეკულაციაზე ვერ ვისაუბრებ.

როგორც უკვე მოგახსენეთ მკურნალობა დასრულდა ჰოსპიტალში და ბუნებრივია პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, როდესაც ის უკვე გაწერილია. მივიდა სპეციალური პენიტენციურის წარმომადგენელი და ის აბსოლუტურად კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას პატიმრის ჯანმრთელობას არსებობს გლდანის მე-18 დაწესებულება, სადაც გადაყავთ მსჯავრდებულები და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. ნათლად იხილა საზოგადოებამ, რომ სააკაშვილს ყველა რესურსი მიეწოდება, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როდესაც ადამიანი არ ემორჩილება კანონიერ მოთხოვნას შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულებითი ღონისძიებები“, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ გაცემულ ბრძანებას საკანში გადაყვანის შესახებ არ დაემორჩილა.

ამ ფონზე ყოფილ პრეზიდენტს წნევის ცვალებადობა აღენიშნა, რის გამოც მისი გორის ჰოსპიტალში დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

იტვირთბა....