2022 წლიდან ვაქცინაციის ფინანსური წახალისების სქემაში 50 წელს ზემოთ ადამიანებიც ჩაერთვებიან, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გაბუნია აღნიშნავს, მიღებული გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროცესს მეტად გააფართოვებს.
„პაციენტების რაოდენობა ჰოსპიტლებში შემთხვევების რაოდენობის კლებასთან ერთად მცირდება, 3 701 საწოლი ამ დროისთვის თავისუფალი რჩება. თუ იქნება ომიკრონის შტამის გავრცელების შემთხვევაში საჭირო, ეს სექტორი სრულ მზადყოფნაში იქნება. ვაქცინაციის მაჩვენებლები ბოლო პერიოდში იმატებს, რაც ვფიქრობ განპირობებულია ფინანსური წახალისების სქემით. მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამ სქემის გაგრძელების და გაფართოების შესახებ, კერძოდ მომავალი წლიდან 50 წელს ზემოთ პირებიც მიიღებენ ფინანსურ ანაზღაურებას აცრის სანაცვლოდ. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად ეფექტური იქნება და ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება“, – აცხადებს თამარ გაბუნია.