პაციენტები ხშირ შემთხვევაში არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით კვდებიან, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ტიკარაძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში არის კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ია და არის კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.
„საქართველოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულების გამოსწორებაზე კლინიკებთან მუშაობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არაა საკმარისი და ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანია, კვლავ ჩაგვერთო საერთაშორისო ექსპერტები და ისინი ნოემბერში ჩაერთნენ. ეს ჩართულობა იქნება უწყვეტი, რათა კლინიკებში ლეტალობის მაჩვენებელი არ ბადებდეს გარკვეულ კითხვებს, ვინაიდან საკმაოდ კრიტიკულია განსხვავება. გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია. არ ვასაჯაროებთ, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები. მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის მიზეზი”, – აცხადებს ტიკარაძე.
მეტი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.07%-ს შეადგენს.