ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღუდუშაური პანსიონზე: სერიოზულად განსახილველია ომბუდსმენის მიერ დამზაფრავი თემების შემოტანა

ქართული ოცნების წევრი, ალუდა ღუდუშაურის თქმით, სახალხო დამცველის მიერ “დამზაფრავი თემების შემოტანა” სერიოზული განსახილველია. ამის შესახებ ღუდუშაურმა პარლამენტში განაცხადა.

“სერიოზულ განხილვასა და განხილვას საჭიროებს ზოგადად სახალხო დამცველის მიერ, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გამოცხადებული ქრონიკებივით ყოველკვირეულად, რაღაც ასეთი დამზაფრავი თემების შემოტანა თუ შემოგდება. არ ვიცი. მე ვისურვებდი და მთავარი სამიზნე უნდა იყოს არა ის, რომ ინფორმაცია გავავრცელოთ, რამაც შეიძლება ინტერესი დააზიანოს.

მე ვისურვებდი, რომ საქმეზე ვიყოთ ორიენტირებულნი და ნებისმიერი ჩვენი ქმედება ან განზრახვა დავაფუძნოთ და სამიზნედ დავისახოთ შედეგის მიღება. მით უფრო ამ ყველაფერს, რაც ნინოწმინდის პანსიონს ეხება, იცით, რომ რამდენიმეწლიანი მონიტორინგის შედეგი იყო ის, რომ სახალხო დამცველს შესაძლებლობა ეძლეოდა, მანამდე დაკვირვების ქვეშ ყოფილიყო პანსიონი და რატომღაც გახდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში. კითხვა მიჩნდება რატომ გახდა მაინც და მაინც იმ კონკრეტულ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ერთია, ანგარიშს აქვეყნებ და პოზიციას აყალიბებ და მეორეა, რა მიზანს ისახავს ეს”,- ამბობს ღუდუშაური.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღსაზრდელების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი.

როგორც ომბუდსმენი წერს, პანსიონში დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს და ჩაის თავზე ასხამდნენ და აიძულებდნენ არ დაებანათ.

ასევე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა.

“ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის სისტემატიურ ხასიათზე მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეების მასალებში არსებული აღსაზრდელების გამოკითხვის ოქმებიც.
არასრულწლოვნები მიუთითებდნენ დასჯის დამამცირებელ, ღირსების შემლახავ და, ხშირად, წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ ქმედებებზე. პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ ძილისა და საკვების აკრძალვას, ფიზიკურ ძალადობას. აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას, თავად ჭამდნენ და ბავშვებს აყურებინებდნენ, მუხლებზე აყენებდნენ.

ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა. როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ. აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: „საქონელი“, „ქუჩიდან მოთრეული“, „დედისგან მიტოვებული“. ჭამაზე უარის გამო დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ.

ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა. დასჯის ფორმად გამოიყენა ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვისთვის ხელების ერთმანეთზე ბინტით შეკვრა და მთელი ღამით ასე დატოვება. არასრულწლოვნებმა ისაუბრეს სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც. ერთ-ერთი აღსაზრდელის თქმით, მას უთხრეს, 10 მეტანია გაეკეთებინა მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშისას ბურთი, შემთხვევით, ფანჯარას მოახვედრა. ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელმაც განაწყენებულმა ყოფილ ხელმძღვანელს უცენზურო სიტყვებით მიმართა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი განმარტავდა, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ, რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვს და ვერ გამოხატავს ამ ემოციას”, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 13 სექტემბრის მდგომარეობით, როდესაც სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მონიტორინგი ჩაატარეს ნინოწმინდის პანსიონში, დაწესებულებაში ფიზიკურად იმყოფებოდა სულ 14 არასრულწლოვანი, 9 ხოლო 22 ნოემბრის მონაცემებით, დაწესებულებაში კვლავ ირიცხება 17 აღსაზრდელი, რომელთაგან 15 ფაქტობრივადაც პანსიონში ცხოვრობს.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი ხელმძღვანელობს.

იტვირთბა....