ნაციონალური მოძრაობის ოფისში, სადაც მოშიმშილეები კარვებში არიან, ნიკა მელიას მამა ანზორ მელია მივიდა მათ მოსანახულებლად, როგორც ანზორ მელია ჟურნალისტებთან ამბობს, მოშიმშილეებს ჯანმრთელობასთან პრობლემები უკვე აქვთ.
“შიმშილობის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დღეს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები გამოჩნდება. არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე, არ მოვიდე და ამ ხალხის ჯანმრთელობით არ დავინტერესდე. პრობლემები უკვე არის, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები, არ მიჯერებენ. არ შეიძლება ასე. როგორ შეიძლება ადამიანს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს, ან ღვიძლის ფუნქცია იყოს ასეთი და შიმშილობდეს
რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო დახმარების არცერთი ბრიგადა არაა ნაციონალური მოძრაობის ოფისის ტერიტორიაზე გამოყოფილი, ანზორ მელია ამბობს: ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, დღეს აქ არათუ ერთი, არამედ რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა.
მეთაური არ ჰყავთ და ოცნება რასაც აკეთებს, ჩემზე უკეთ იცით. ნაციონალები მთლიანად თუ გაწყდებიან, ის გაუხარდებათ”,- ამბობს მელია.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მასობრივი შიმშილობა გამოაცხადეს, ისინი უკვე 4 დღეა შიმშილობენ, ამ ეტაპზე აქციაში მონაწილეობას 200-მდე ადამიანი იღებს.