საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან შიმშილობის დაწყების პროცესს არ მიესალმება და ისურვებდა პოლიტიკური პროცესები პარლამენტში იყოს.
მისივე თქმით, საქართველოში ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ პარლამენტში ცოცხალი პროცესი იყოს
“ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, პრეზიდენტის ხედვა არის, რომ ამ პროცესს რაიმე კონკრეტული შედეგი უნდა მოყვეს. ეს ფართო პროცესი იქნება და იდეები საზოგადოების მხრიდან უნდა წამოვიდეს. შევთანხმდეთ, რომ გვინდა ნაკლები დაპირისპირება და ორიენტაცია მომავალზე. ჩემი ჩართულობა იქნება პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისკენ. ამიტომ პირველ რიგში საჭიროა რომ საზოგადოებას ამ პროცესის შესახებ ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ, რადგან ეს სწორედ მათი დაკვეთით მიმდინარეობს. შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია და ამ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი, გულწრფელად რომ ვთქვა, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს. ვფიქრობ, საქართველოში ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ პარლამენტში ცოცხალი პროცესი იყოს და თუნდაც პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით”, – აცხადებს ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ორბელიანების სასახლეში ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.