ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: შემოგვაქვს სააბონიმენტე ულიმიტო სისტემა – გვექნება ულიმიტო 90- წუთიანი ბარათი, რომელიც ეღირება 1 ლარი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი თებერვლიდან ძალაში შევა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონიმენტე ულიმიტო სისტემა.

„დღეს მინდა სიახლე მივაწოდო ინფორმაციის სახით საზოგადოებას, შემოგვაქვს სააბონიმენტე ულიმიტო სისტემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი დაინერგება 1-ელი თებერვლიდან და ძალაში შევა, თუმცა, 1-ელ თებერვლამდე, მეტროს, მიკროავტობუსისა და ავტობუსის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ აბონიმენტები. 5 იანვრიდან დაიწყება აბონიმენტების გაყიდვა მეტროს სალაროებში და ასევე, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში.

გვექნება ულიმიტო 90- წუთიანი ბარათი, რომელიც ეღირება 1 ლარი. იმ ადამიანებს, ვინც ხშირად არ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდება შეღავათიან ფასში ხანგრძლივ ვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად შეეძლებათ მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით სარგებლობა. ამ ტრანსპორტს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდის 90 წუთის განმავლობაში.

ასევე, შემოგვაქვს ულიმიტო 1- დღიანი ბარათი, რომელიც ეღირება 3 ლარი. 1- დღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 3 ლარად. იხდის 3 ლარს და მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერაც უნდა, შეუძლია გამოიყენოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეზღუდული არ იქნება.

ასევე, შემოგვაქვს ულიმიტო 1- კვირიანი ბარათი, რომელიც ეღირება 20 ლარი. 1- კვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი კვირის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ეს ბარათი ძირითადად გათვლილია ტურისტებზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებზე სხვა ტიპის ბარათები უფრო საინტერესოა, რომელიც შეღავათიან ფასში უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტირებას.

ასევე, ულიმიტო 1- თვიანი ბარათი ეღირება 40 ლარი. 1- თვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება მთელი თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად, ეს ჩვენი გათვლებით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღე საშუალოდ 2 ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაც მათ თვიურ დანახარჯს 40-60 ლარით განსაზღვრავს”,- ამბობს კალაძე.

იტვირთბა....