ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ზვიად კვაჭანტირაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროს 80 000 ლარი ვალი აქვს

“სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომელიც არ შესრულებულა”

ზვიად კვაჭანტირაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ რამდენიმე ათასი ლარის დავალიენება აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ “ქართული გაზეთი” ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მოქმედ დეპუტატს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ ვალი რამდენიმე წლის წინ დაეკისრა.

გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ გენერალური კონსულობის ბოლო წელს, გენერალური საკონსულოსთვის, სახელმწიფოს ხარჯზე, გამოიყვანა სრულიად ახალი ავტომანქანა მინივენი. როგორც სტატიაშია აღნიშნული, კვაჭანტირაძე ნასვამი მიუჯდა დაუზღვეველი ავტომობილის საჭეს და შეეჯახა ბოძს. ავტომობილი ისე დაიმტვრა, მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა.

გამოცემის წყაროს ცნობით, გენერალურმა კონსულმა დამტვრეული მანქანა გადამალა და მომხდარის შესახებ არ აცნობა საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს. ფაქტი კი მხოლოდ მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც ადგილზე ახალი გენკონსული ჩავიდა და ინვენტარიზაცია ჩატარდა.

გამოცემის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა დაადასტურა მომხდარი ფაქტი და კვაჭანტირაძეს ზიანის ასანაზღაურებლად  გარკვეული ვადა მისცეს, თუმცა მან თანხა არ გადაიხადა.

“ქართული გაზეთის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საგარეო უწყება იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის. სასამართლომ კი კვაჭანტირაძეს 80 ათასი ლარის ანაზღაურება დააკისრა საგარეო საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ, მაგრამ როგორც გამოცემა წერს, მას არც ეს თანხა გადაუხდია.

“ქართულ გაზეთს” სტატიაში მოყვანილი ფაქტების დასადასტურებლად მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტი მოჰყავს, კერძოდ კი საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 7 ოქტომბერს გამოტანილი განჩინება.

36418_cover_b

როგორც გამოცემა აღნიშნავს, განჩინებით სასამართლომ დაამტკიცა მორიგება მოსარჩელეს – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მოპასუხე ზვიად კვაჭანტირაძეს შორის.

იტვირთბა....