საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი.
მისი თქმით, შერიგების პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე წინაპირობა.
“ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა. სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა წინაპირობები მესმის, ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს. ეს ნიშნავს, რომ პროცესი ჩიხში შევა. არაფერია გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი პროცესში მოსაგვარებელი და მოსალაპარაკებელია.
თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა, ეს ცუდად იყო გაგებული, ამაზე დაიწყო გარკვევა, როგორ უნდა შევურიგდე იმას, თუ ამას, ან რატომ უნდა შევურიგდე. გასაგებია, ამგვარი პროცესები, რაც ჩატარდა მსოფლიოში, შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით, მით უმეტს, როდესაც წარსულს ეხება, ან აწყმოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც მირჩევნია, რომ დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი. უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრები ორბელიანების სასახლეში მიმდინარე საახალწლო მიღებაზე მიიწვია.