საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება.
მისი თქმით, ერთობლივი საქმიანობით უნდა დაანახოს საქართველომ და უკრაინამ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათი თანმიმდევრულობა სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ.
“ერთობლივი საქმიანობით უნდა დავანახოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენი თანმიმდევრულობა სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. არ უნდა მიეცეს არანაირი საბაბი რუსეთის ფედერაციას, რომ საქართველო და უკრაინა, კვლავ ჩართული იყოს რაიმე სახის პროვოკაციაში. არ უნდა მიეცეს რუსეთის ფედერაციას საბაბი, რომ განახორციელოს აგრესია საქართველოს, ან უკრაინის წინააღმდეგ. უნდა მოხდეს შესაძლო, მძიმე შედეგების თავიდან აცილების პრევენცია. ჩვენ უკრაინის სოლიდარულები ვართ.
ცალსახაა, რომ ჩვენი დემოკრატიზაციის მდგრადობა, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შემადგენელი მთავარი ნაწილია. ჩვენმა ევროპელმა და ნატოელმა პარტნიორებმა იციან, რომ ვიქნებით თანმიმდევრულები იმ ვალდებულებებთან, რომელიც გვაქვს იგივე მართლმსაჯულების რეფორმების განხორციელების და საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით. ჩვენ ვრჩებით ერთგული შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებების”, – განაცხადა ზალკალიანმა რუსთავი 2-ის ეთერში.
როგორც მან აღნიშნა, საშინელი მემკვიდრეობა მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან, სასამართლო სისტემაში არსებული სიტუაციის კუთხით, დღეს კი, ეს პროგრესი თვალსაჩინოა.