მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ყველა თემა არის ღია და გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მისი თქმით, 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი.

“ამ ეტაპზე, ყველა თემა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ღია, ასეც შეიძლება – ისეც. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და ის, თუ რა შედეგით დასრულდება, მათ შორის, პირველ რიგში, ოპოზიციის მოქმედებებზე. ყველა თემაზე ვიმსჯელებთ, ყველა თემა არის ღია, რაც გულისხმობს იმას, რომ არაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენ გვჭირდება ასევე საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები, მათ შორის ბარიერის სიმაღლესთან დაკავშირებით, რამდენჯერ უნდა მოქმედებდეს დაბალი ბარიერი და ა.შ.

ერთადერთი თემა, რაზეც ჩვენ გვაქვს მეტ-ნაკლებად მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი. ჩვენ მივიღეთ 48 პროცენტი საპარლამენტო არჩევნებზე, რეალურად, თემა მაშინ იყო დახურული, შემდეგ იყო ცნობილი შეთანხმება, ანულირება, ვირტუალური 43 პროცენტი. ეს ვირტუალური ბარიერიც გადავლახეთ და ავიღეთ 47 პროცენტი, ამის შემდეგ 2024 წლამდე ყველანაირი თემა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არის დახურული, მათ შორის, ეს ბუნებრივია უნდა აისახოს საკონსტიტუციო ცვლილებებში”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს ოპოზიციასთან შეხვედრა გამართა.

 

იტვირთბა....