პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დაიწყო პოლიტიკური დაკავებების ახალი ტალღა და ხელისუფლება პატიმრებით სავაჭროდ ემზადება.
მისივე თქმით, ხელისუფლება ასევე მზად არის ტელევიზიებზე იერიშის მისატანად და ამაში ახალი არაფერია.
„დაიწყო პოლიტიკური დაკავებების ახალი ტალღა, ეს ძალიან უტყუარად ჩანს, რადგან ხელოვნურად დაჩქარდა რამდენიმე საქმე, მათ შორის ნიკა გვარამიას პროცესი, ასევე ლელოს პროცესი და ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ემზადება სავაჭროდ, ერთის მხრივ სავაჭროდ ჰყავდეს პატიმრები, რასაც ხშირად აკეთებს ხოლმე და ამავე დროს ტელევიზიებზე მიიტანოს იერიში. ეს არის ის საერთო ხაზი , რომელიც ბევრ ქვეყნებში ხდება ხოლმე, ტელევიზია არის პოლიტიკური დევნის სამიზნე. ამაში ჩვენთვის გასაკვირი არაფერია, ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ეხლა გავაგრძელოთ ბრძოლა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ხდება გარკვეული შეთავაზებების პარალელურად, თითქოს პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. შეუძლებელია თუ ვინმეს გონია რომ პოლარიზაცია საახალწლო მიღებაზე ან რამე ამგვარ იმიტაციურ შეხვედრაზე მოგვარდება, ეს ასე არ იქნება. თუ სერიოზულად გვინდა რომ შევწყვიტოთ პოლარიზაცია აგერ არის ეს საქმებიი და შეუძლიათ ეს უსამართლობა შეაჩერონ. ოპოზიცია ვგეგმავთ შეხვედრას და ვაპირებთ კოორდინირებულ მოქმედებას“, – აცხადებს ხოშტარია მთავარ არხთან.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს.