მივმართავ რადიკალურ ოპოზიციას – მოსახლეობას უნდა ესაუბროთ, ისინი უნდა შემოირიგოთ, ჩვენ ისედაც მოგიტევებთ და შეგინდობთ,- ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზარქუას თქმით, ქვეყანას სწორი და მდგრადი განვითარება სჭირდება, რასაც ხელ აქციები უშლის. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის აქტივობები მხოლოდ რუსეთის ინტერესშია.
“მივმართავ რადიკალურ ოპოზიციას – მგონია, რომ ჩვენ, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება არა ქაოსი და დაძაბულობა, არამედ ამ ქვეყანას სჭირდება სწორი, მდგრადი განვითარება. ეს მდგრადი განვითარება, მათ შორის ეკონომიკური, მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ ეს გაუთავებელი აქციები, გადაკეტვები, პიკეტები არ იქნება და დაძაბულობა არ შეიქმნება. ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსების ინტერესის სფეროა. ასე რომ, ნუ იქნებით ჩვენი მტრების მსახური. თუ შერიგება გინდათ და ეს ფარსი არ არის, კეთილი ინებეთ და ჯერ მოსახლეობას მოუხადეთ ბოდიში, იქ მოინანიეთ, იქ დაიმსახურეთ პატივი და ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ნორმალურ განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ თვეების განმავლობაში იძახდით, არ შემოვალთო, რადიკალურ ოპოზიციას მივმართავ, ახლა აქ სხედხართ. რვა არჩევნები წააგეთ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობას უნდა ესაუბროთ, ისინი უნდა შემოირიგოთ და არა აქ. ჩვენ ისედაც მოგიტევებთ და შეგინდობთ”,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.