ვფიქრობ ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ პოლიტიკურ ნარატივზე დიდი გავლენა იქონია, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას იმედის კვირასთან ინტერვიუში განაცხადა.
ევროპელი დიპლომატის თქმით, სააკაშვილის დაკავებისთანავე ევროკავშირის ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა.
“ვფიქრობ ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ პოლიტიკურ ნარატივზე დიდი გავლენა იქონია. ეს განსაკუთრებით არჩევნების მეორე ტურისას დავინახეთ. მისი ჩამოსვლისა და დაკავებისთანავე ევროკავშირის ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა.
ეს უფლებები მოიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ღირსების დაცვას, სათანადო სამედიცინო მომსახურებას და ამავე დროს სათანადო სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფას. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო კვირების განმავლობაში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი სამედიცინო საბჭოს მუშაობამ, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ძალიან კარგი შეფასებები და რჩევები ჰქონდა.
ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი, რომლებმაც თავიანთი მანდატების ფარგლებში ამ პროცესის მართვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ინსტიტუტების არსებობა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.