ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე შერიგებაზე: რაც დააანონსა მიხეილ სააკაშვილმა, არის თვალთმაქცობა და ფარისევლობა

ვთვლი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გულწრფელია, როდესაც საუბრობს შერიგებაზე და ამ შერიგებას, პირველ რიგში, სამართლიანი შეფასებები და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ჩადენილი ქმედებების აღიარება სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

“ჩვენ გვსურს, რომ შევამციროთ დეპოლარიზაცია, თუმცა დეპოლარიზაციის შემცირება ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც სამართლიანად მოხდება იმის შეფასება, რაც აქამდე იყო სადავო. სიმართლე გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ამ გუნდმა სისტემურად დაარღვია ადამიანის უფლებები, დააზარალა ბიზნესი და საკუთრების უფლება უხეშად შელახა, ასევე შეიჭრა მედიაში და ათასობით ადამიანს გაუსწორდა ძალადობრივად განსხვავებული აზრისთვის. სანამ ამას არ მიეცემა სამართლებრივი შეფასება და აღიარება ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერების მხრიდან, რა თქმა უნდა, ყოველგვარ შერიგებაზე საუბარი, რაც დააანონსა მიხეილ სააკაშვილმა, არის თვალთმაქცობა და ფარისევლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გამართულ დემოკრატიის სამიტზე დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

“პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”,-განაცხადა ზურაბიშვილმა

იტვირთბა....