შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, – ასე განმარტა თბილისის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონთან დაკაშირებით მისი გუშინდელი განცხადება.
მისივე თქმით, პრობლემა იყო ის რომ მას აღნიშნული თანამდებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
“მე შეურაცხყოფა არავისთვის არ მიმიყენებია და თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, რომ მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლისთვის, ან ზოგადად, ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს – არ არსებობს ზოგადად ფაქტი და ჩემი გუშინდელი განცხადებაც არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო, რომ თანამდებობის ნაწილში, რომელიც ითქვა ჟურნალისტის მხრიდან, რომ მრჩევლის მოადგილე იყო – ეს ჩემი პრობლემა იყო, რომ მე არ ვიცოდი, თორემ შეურაცხყოფა მე არავისთვის არ მიმიყენებია”,- განაცხადა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. ამ კომენტართან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას თბილისის მერმა ასე უპასუხა : “რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?“