არსებულ კოვიდვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლება, მათ შორის პრემიერი, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შეფასებისას აღნიშნა.
“რთულია, გაიგო, მმართველი გუნდის კულუარებში რა ხდებოდა და ეკატერინე ტიკარაძე რატომ წავიდა თანამდებობიდან, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ხანია, ქართული ოცნების სხვადასხვა შტოს შორის დაპირისპირებაა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის კარგი ურთიერთობები არ იყო, რაზეც სჯობს, მიზეზებზე თავად ისაუბრონ. ფაქტია, რომ ქვეყანაში კოვიდვითარება უმძიმესია, შედეგებიც ძალიან მძიმეა.
ხელისუფლება პანდემიის პერიოდში მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არა იმის გათვალისწინებით, პანდემიის სამართავად რა იყო უკეთესი. არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი”,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში განაგრძობს.