ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ოლსონი: საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა

შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ვაშინგტონს აწუხებს ის, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განხორციელების მიმართულებით. ეს განცხადება სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონმა გააკეთა.

ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ნოემბერში საქართველოში ვიზიტმა მას კიდევ ერთხელ შეახსენა ქართველ ხალხსა და ამერიკას შორის მტკიცე მეგობრობის შესახებ, თუმცა ასევე წარმოაჩინა დემოკრატიული საქმიანობის გაგრძელების საჭიროება, რაშიც სასამართლო და საარჩევნო რეფორმები და კანონის უზენაესობა შედის.

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას და როგორც ახლო პარტნიორებს, გვსურს საქართველოს დავეხმაროთ იმ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებზეც თავად გადაწყვიტეს, რომ ისინი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, განაცხადა ოლსონმა.

ოლსონის გამოსვლა წინ უსწრებს ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტს, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს. ოლსონის განცხადებით, ამერიკა ელოდება საქართველოს მიერ იმ სამომავლო ნაბიჯების შესახებ დაპირებებს, რომლებსაც ქვეყანა მომავალი წლისთვის დემოკრატიის სამიტზე წარმოადგენს.

„ძალიან გვიხარია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მასპინძლობა დემოკრატიის სამიტზე, და ველოდებით დაპირებებს და მომავალი ნაბიჯების გადადგმის პირობებს, რომლებსაც საქართველო წარმოადგენს მომავალი წლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩართულობას და როცა საჭიროა გვექნება მძიმე გზავნილები, რაც მეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, თქვა ოლსონმა.

წყარო: ამერიკის ხმა.

იტვირთბა....