ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბაიდენი: პუტინს ვუთხარი, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ონლაინ შეხვედრისას უთხრა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგები მოჰყვება.

ბაიდენის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინაში ამერიკელი სამხედროების ცალმხრივად გაგზავნის საკითხს არ განიხილავს.

“მე ძალიან პირდაპირი ვიყავი. ზრდილობიანად, მაგრამ ძალიან ნათლად ვთქვი, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება – ისეთი ეკონომიკური შედეგები, რაც არავის უნახავს და არასდროს გატარებულა. მისი მყისიერი პასუხი იყო, რომ მან ეს გაიგო.

გარდა ამისა, მე ვთქვი, რომ შესაძლოა დაგვჭირდეს ჩვენი წარმომადგენლობის გაზრდა ნატოს ქვეყნებში, რათა აღმოსავლეთის მოკავშირეებს ერთგულება დავუდასტუროთ”, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, აშშ უკრაინას თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის.

“იდეა, რომ აშშ ცალმხრივად გამოიყენებს ძალას, რათა დაუპირისპირდეს რუსეთს, რომელიც უკრაინაში შეიჭრა, ამ ეტაპზე არ განიხილება. მაგრამ რაც მოხდება, რუსეთისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს. დარწმუნებული ვარ, პუტინმა ჩემი გზავნილი გაიგო”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საზღვრებთან, ერთ თვეზე მეტია, 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროა მობილიზებული. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

იტვირთბა....