მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს იმედი აქვს, რომ ალეკო ელისაშვილი დაასახელებს პიროვნებას, რომელმაც მას ინფორმაცია მიაწოდა ამნისტიის საქმეში კორუფციული გარიგებების შესახებ. პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
“არც გიორგი ბადაშვილი (ყოფილი მთავარი პროკურორი) და არც გიორგი გობაძე არ უარყოფენ ელისაშვილთან შეხვედრის ფაქტს. შესაბამისად, რატომ ხდება ამ შეხვედრის ჩანაწერებით სპეკულირება, ჩემთვის გაუგებარია. მათ დაადასტურეს, რომ იყო შეხვედრა, მაგრამ ელისაშვილთან შეწყალების კომისიის საქმეზე არ ყოფილა საუბარი. ეს ფაქტები გამოკვლეულია. სამწუხაროდ, პროკურატურას იმის რესურსი არ აქვს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში შეინახოს ასეულობით კამერის ჩანაწერი. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ალეკო ელისაშვილი ბოლოსდაბოლოს დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც, მისი სიტყვებით, მას მიაწოდა ინფორმაცია კორუფციული დანაშაულის შესახებ“
ალეკო ელისაშვილმა პროკურორის ამ განცხადებას ჟურნალისტებთან შემდეგნაირად უპასუხა.
ალეკო ელისაშვილი: „გამოძიება მიდის იქით, რომ ცდილობენ როგორმე გამოაძვრინონ კობახიძე და ბესელია. მე მათ არ დავუსახელებ ამ პირის ვინაობას. როდესაც შეიქმნება პარლამენტში საგამოძიებო კომისია, სადაც ცხრაკლიტულში ჩაკეტილ გამომძიებელთან კი არ ვიჯდები საათობით, არამედ, იქნება საზოგადოება, იქნება მედია, მე იქ დავასახელებ იმ ადამიანსაც და იმ ადამიანის დაკითხვასაც მოვითხოვ. ძალიან ბევრ საინტერესო რამესაც გაიგებს საზოგადოება. მე თუ ახლა დავასახელებ ამ ადამიანს, დაიბარებენ პროკურატურის ცხრაკლიტულში, სადაც ჩართულია კამერები და გამომძიებელი ვიღაცასთან ჩეთაობს. აშკარად ჩემი დაკითხვის დროს ფარული კამერით მიყურებდნენ, შესაძლოა ბესელიაც იყო სადღაც სავარძელში მოკალათებული, და ეჩათავებოდნენ ამ გამომძიებელს – „აბა, ახლა ეს კითხე, ის კითხე“. ასეთ გამოძიებას მე არ ჩავუგდებ ამ ადამიანს ხელში.” – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია პატიმრების შეწყალების საქმეში კორუფციული გარიგებების არსებობის შესახებ. ეჭვმიტანილებად მანანა კობახიძე და ეკა ბესელია დაასახელა.