სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას ეხმაურება და მას საარჩევნო რეფორმის საკითხების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
როგორც ომბუდსმენი Facebook-ზე წერს, საარჩევნო ბარიერის დაწევა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.
“დიდი მადლობა აშშ-ს ელჩს, ქ-ნ კელი დეგნანს საარჩევნო რეფორმის საკითხების მტკიცე მხარდაჭერისთვის! საარჩევნო ბარიერის დაწევა არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან პოლიტიკური შეთანხმების მედიატორი ქვეყნების მხრიდან თავს მოხვეული საკითხი, დაბალი საარჩევნო ბარიერი დღეს არის უმნიშვნელოვანესი და საკვანძო საკითხი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, რასაც მხარს ვუჭერთ ყველა, ვისაც საარჩევნო რეფორმებზე და ადამიანის უფლებების საკითხებზე გვიმუშავია ამ ქვეყანაში! იმედია, ათწლეულების ბრძოლა პროპორციული წარმომადგებლობის მისაღწევად წარმატებით დასრულდება!”,-წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვუს, აშშ-ის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს განვითარების ამ ეტაპისთვის 2%-იანი ბარიერი და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვანია.
“ქართველი პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ იმაზე, რომ დაბალი ბარიერი არჩევნებზე იქნებოდა სასარგებლო, ეს დადასტურდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით, როდესაც 1%-იანი ბარიერის შედეგად პარლამენტში აღმოჩნდა 9 პარტია. ეს შეფასდა, როგორც დადებით განვითარებად და მათ შორის ამ საკითხს ეთანხმებოდა მმართველი პარტიაც. ამის შემდგომ კვლავ გაგრძელდა მოლაპარაკებები და პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 2%-იანი ბარიერი და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ის, რაც საქართველოს სჭირდება ამ დროისათვის. ამაზე საუბარი იყო 2019 წელსაც და ეს არ მოხდა, თუმცა შემდგომში მიღებული იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება.
ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარების ამ ეტაპისთვის, რამაც უნდა შეიყვანოს პარლამენტში უფრო მეტი პარტია, მეტი მრავალფეროვნება და რაც მთავარია, მეტი ხმა და პოზიცია იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე ეს იქნება საუკეთესო გზა”, –თქვა კელი დეგნანმა.