ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პირველი დიპლომირებული მექანიკოსები – ბექა არჩვაძის გეგმები ავტოსამყაროში

ბექა არჩვაძე, ერთ-ერთია იმ 11 სტუდენტიდან, „თეგეტა აკადემიის“ პროფესიული პროგრამის „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ პირველ ნაკადში რომ მოხვდა და სწავლა ახლახან დაასრულა. 

პროგრამა თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ამას მოჰყვება სტაჟირება თეგეტას სერვის ცენტრებში. ბექამ ყველა ეს საფეხური გაიარა და ახლა თავადაც კომპანიის თანამშრომელია.  

პროფესიულ პროგრამაზე „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“, პირველი ნაკადი, 2019 წელს მიიღეს. მისი მიზანია სატრანსპორტო სფეროსთვის მოამზადოს ელექტრონული სისტემების პროფესიონალი შემკეთებელი, რომელიც შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიებში, ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. როგორც „თეგეტაში“ ამბობენ, სწავლის პროცესში, სტუდენტები იღებენ ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ამ თემასთან დაკავშირებულ თითოეულ საკითხზე. 

ბექა „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ სატრანსპორტო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. 13 წლის განმავლობაში ქართულ ხალხურ ცეკვებს ცეკვავდა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, ამ საქმისთვის თავის დანებება მოუხდა. ელექტრო და ელექტრონული სისტემები სულ აინტერესებდა, დამოუკიდებლად, ინტერნეტის საშუალებით, უფრო სამოყვარულო დონეზე, გარკვეული ცოდნაც მიიღო, რაც შეეძლო, საკუთარ ავტომობილზე აკეთებდა. 

„თუმცა, არავინ მყავდა, ვინც ამ სფეროში კარგად გამარკვევდა, სწორ მიმართულებას მომცემდა და მართლა მასწავლიდა რამეს“. 

„თეგეტა აკადემიის“ ამ პროგრამაზე სოციალური ქსელით შეიტყო. თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, საბუთების გაგზავნაზე ბევრი არც უფიქრია. გასაუბრების გავლის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს შორის მოხვდა და ასე დაეუფლა ახალ პროფესიას. 

„თეორიული ნაწილის შემდეგ, პრაქტიკულ სწავლებაზე რომ გადავედით, უკვე შემეძლო მარტო მუშაობა, თუმცა, ჩემი მენტორი ყველაფერს ამოწმებდა და ზედამხედველობას მიწევდა“.  

ამბობს, რომ ამ პროგრამაზე პროფესიისთვის საჭირო ცოდნა სწორად მიიღო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთია თეორიის სწავლა, მეორე კი – ამ ინფორმაციის სწორად გაანალიზება, ათვისება და შემდეგ, პრაქტიკაში სწორადვე გამოყენება. 

„აქ სწორი ცოდნა და მიმართულება მომცეს. ასევე – მიღებული ინფორმაციის სწორად გადამუშავება და გამოყენება მასწავლეს. დანარჩენი უკვე ჩემზე იყო დამოკიდებული. ამ პროფესიას ძალიან დიდი შრომა, მუდმივად ცოდნის განახლება, აზროვნება და სწორი გადაწყვეტილებების უნარი სჭირდება. თუმცა, მთავარი მაინც ამ ყველაფრის სურვილია“. 

ახლა „თეგეტაში“ ყველანაირ ავტომობილზე მუშაობს, მისთვის შეზღუდვა, თითქმის, არ არსებობს. თუმცა, სულ განვითარებაზე და ახალი ცოდნის მიღებაზე ფიქრობს. 

„მინდა, ისეთი დონის პროფესიონალი გავხდე, მუდმივად სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდე. ნაწილობრივ შეიძლება გარისკო კიდეც ჩვენს საქმეში, გარკვეულ წილად, ეს პროფესია რისკსაც მოითხოვს, მაგალითად, პრობლემის გადაჭრის ორი ვარიანტიდან, შენ უნდა აირჩიო უფრო ოპტიმალური და პრაქტიკული“. 

ბექას ამ პროფესიის გარდა ბევრი ინტერესი და ჰობი აქვს, მაგალითად, მთიდან ველოსიპედით ექსტრემალური დაშვება, ვარჯიში. ყველაფერს ერთნაირი მონდომებით ეკიდება და ცდილობს, რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი დეტალურად შეისწავლოს და სწორად აითვისოს. მისთვის ეს მთავარია. 

წარმატებისთვის რა არის საჭირო-მეთქი რომ ვკითხე, არც დაფიქრებულა, ისე მიპასუხა: 

„მიზანდასახულობა. ხელი არასოდეს, არაფერზე უნდა ჩაიქნიო. მცირე შეფერხებები, პატარ-პატარა „მარცხები“ ყველა პროფესიას ახლავს, მაგრამ დაუშვებელია, ამის გამო უკან დახევა. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მგონია, რომ ყველა პროფესიაში, განსაკუთრებით კი ჩვენს საქმეში, აუცილებელია სწორად აზროვნება, ინფორმაციის სწორად მიღება შეგვეძლოს. შემდეგ კი ეს ყველაფერი დავამუშაოთ და პრაქტიკაში გამოვიყენოთ. ჩემთვის ეს არის პროფესიონალიზმი“. 

„თეგეტა აკადემია“ თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელმაც 2019 წელს პროფესიული კოლეჯის სტატუსით,  საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება მოიპოვა. მისი მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი, საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა.

იტვირთბა....