მონებო- სააკაშვილის მხარდამჭერი დემონსტრანტები ამ შეძახილებით აცილებენ პოლიციის თაბამშრომლებს.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, დღეს თავის სასამართლო პროცესს ესწრება.
დღეს სასამართლო მოსმენა უნდა გაიმართოს 7 ნოემბრის საქმეზე. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ საქმეზე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).
ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია). სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.