ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადვოკატი სააკაშვილის ხვალინდელ პროცესზე: არავითარ ექსცესებს არ ექნება ადგილი, იქნება მშვიდობიანი შეკრება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე არ მიიყვანს, ეს იქნება ლუსტრაცია იმისა, რომ მათ ყოფილი პრეზიდენტის ეშინიათ.

მისი თქმით, ხვალინდელი შეკრება იქნება უაღრესად მშვიდობიანი, რომლის ფარგლებშიც გაპროტესტდება ის პოლიტიკური დევნა, რაც მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

“მთელს მსოფლიოში და არამარტო საქართველოში პოლიტიკურად სენსიტიური პროცესების და არა მხოლოდ პოლიტიკურად სენსიტიურის, ზოგადად, გახმაურებული პროცესების ირგვლივ ხშირია ხოლმე დემონსტრაციები და მანიფესტაციები. ეს არსად არ ხდება დაბრკოლება საიმისოდ, რომ ადამიანის წინააღმდეგ, რომლის საქმეც მიმდინარეობს, სასამართლო დარბაზში არ იქნეს წარდგენილი. ვერსად მსგავსს პრეცედენტს ვერ ვიპოვით.

აქედან გამომიდინარე, ხელისუფლება თუ ჩაებღაუჭება ამ მიზეზს, ეს კიდევ ერთხელ იქნება ლუსტრაცია იმის, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში მოყვანის ეშინიათ, ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის მიერ ხალხისადმი მიმართვის და არა იმის, რომ იქ რაღაც ექსცესებს ექნება ადგილი. არავითარ ექსცესს არავინ არ გეგმავს, ეს შეკრება იქნება უაღრესად მშვიდობიანი და ამ შეკრების ფარგლებში უბრალოდ გაპროტესტდება ის პოლიტიკური დევნა, რაც მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ”, – განაცხადა ბასილაიამ ფორმულას ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა ჩანიშნული.

იტვირთბა....