დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ომიკრონი სხვა შტამებთან შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება და რეინფიცირების უფრო მაღალი რისკია მასთან დაკავშირებული.
მისი თქმით, აღნიშნულ შტამთან დაკავშირებით ჯანმოსთან გარკვეული პროტოკოლი შეჯერდება.
“ეპიდსიტუაცია რთულია, განსაკუთებით ახლა, როცა ასეთი საგანგაშო საგანგაშო სიგნალები ისმის ევროპიდან და ახალი ინფორმაციები ვრცელდება ახალ შტამთან დაკავშირებით. ასე სწრაფად არ ყოფილა არასდროს რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შემაშფოთებელი სახელი მიენიჭებინა შტამისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან საყურადღებოა და სიფრთხილე გვმართებს.
უნდა დავაკვირდეთ რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჯერჯერობით, რაც იციან, არის ის, რომ შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება და რეინფიცირების უფრო მაღალი რისკია მასთან დაკავშირებული.
შერჩევითად ჩვენთან სულ მიმდინარეობს შტამებზე ზედამხედველობა და ახლა მოვილაპარაკეთ, რომ გარკვეული პროტოკოლი შეჯერდება ჯანმოსთან, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი და დავაკვირდეთ ქვეყანაში შტამების ცირკულაციას”, – განაცხადა გამყრელიძემ კურიერთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ომიკრონ შტამით ინფიცირების შემთხვევები სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონგ-კონგში, ისრაელში, ჩეხეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში დადასტურდა.

