ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია: სააკაშვილის გათავისუფლების მთავარ საკითხად დაყენება, განხეთქილებას შემოიტანს

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასა და გზებზე ისაუბრა. ბოკერიას თქმით, საკითხის დაყენება, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაა მთავარი და არა სხვა თემები, განხეთქილების შემომტანია.

“ეს საკითხი რამდენიმე დღის წინ დაიძრა და იქამდეც სრულიად არაადეკვატური საკითხის დასმა ჰქონდათ – ვინც არ გაიზიარებს სულისკვეთებას, რომ სააკაშვილის გამოყვანაში არის გასაღები, ის ან მოღალატეა, ან ივანიშვილთან შეკრული, ეს ძალიან საზიანოა ყველაფრისთვის. მათი უფლებაა, რომ ასე დასვან საკითხი, ოღონდ, ჩვენ როგორც ვხედავთ ამ ვითარებას, პირდაპირ ვეუბნებით – საკითხის ასე დასმა არასწორია. სააკაშვილის გათავისუფლება თუ მოხერხდა, ესე იგი, უკვე ხელისუფლებას კონტროლი აღარ ჰქონია, იქიდან გამომდინარე, როგორი მნიშვნელობაც მიანიჭა ივანიშვილის რეჟიმმა ამ ამბავს, ძალის დემონსტრირების საკითხად აქცია, უტიფარი, უზნეო, სამარცხვინო, ქვეყნისთვის დამაზიანებელი ფორმებით. ყოველთვის, როცა საკითხი ასე დაისმება, რომ სხვა საკითხები კი არა, ეს არის მთავარი, ეს შემოიტანს განხეთქილებას და არაფრისმომტანი არ იქნება, არალოგიკურია. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება ან ისე მორყევა, რომ უკვე შეგუებული იყოს ძალაუფლების დათმობას, არის პირობა ზოგადად პოლიტიკური დევნის დასრულების, მათ შორის, სააკაშვილთან დაკავშირებით”. – ამბობს ბოკერია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

იტვირთბა....