ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობა მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის დროს, სასამართლოსთან შეიკრიბონ

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს 29 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებს, სადაც 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მათ უნდა დააფიქსირონ მძლავრი პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც სააკაშვილის მაგალითზე ხორციელდება.

„ორშაბათს იქნება სასამართლო და ჩვენ მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყანაში შექმნილ არსებულ ვითარებასთან მიმართებაში და არსებულ უსამართლობაზე გული შესტკივათ, მოვიდნენ, დააფიქსირონ ჩვენი მძლავრი პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ხორციელდება“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, ბეჟაშვილის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა „იქნება მუდმივი და განახლებადი არსებული ვითარებიდან გამომდინარე“.

ინფორმაციისთვის,  7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს უნდა გაიმართოს. წინა სხდომა 11 ოქტომბერს ჩატარდა და მას სააკაშვილი ვერ დაესწრო.

იტვირთბა....