ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბეჟაშვილი: ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცება ძალაუფლების მიტაცებაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცება ძალაუფლების მიტაცება და ახალი მანდატის საკრებულოებისთვის სამომავლო საქმიანობაში ხელის შეშლაა.

ბეჟაშვილი გუშინ, 26 ნოემბერს მომხდარს გამოეხმაურა, როცა ზუგდიდსა და ბათუმში 2022 წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულოებმა დაამტკიცეს.

“იქ, სადაც ქართულ ოცნებას არ აქვს უმრავლესობა, ვადაგასული საკრებულოებს დაამტკიცებინეს ბიუჯეტები, რაც, თავისი არსით, არის ძალაუფლების მიტაცება და ახალი მანდატის საკრებულოებისთვის სამომავლო საქმიანობაში განზრახ ხელის შეშლა.

სახეზე გვაქვს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეთანხმებული მოქმედება. ამ პროცესში ცესკომ კიდევ ერთხელ შეასრულა არჩევნების შედეგების გამყალბებლის მთავარი როლი, ვინაიდან განზრახ და მიზანმიმართულად გააჭიანურა ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი, მაშინ, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ 13 ნოემბერს იყო შეჯამებული. შესაძლებელი იყო, აქამდე დანიშნულიყო ახალი საკრებულოების სხდომის თარიღი და მათ განეხორციელებინათ საბიუჯეტო უფლებამოსილება”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის,ბათუმსა და ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტი ძველი მოწვევის საკრებულოებმა ოპოზიციის პროტესტის ფონზე 26 ნოემბერს დაამტკიცეს.

იტვირთბა....