ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ზუგდიდსა და ბათუმში ძველი საკრებულოების მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნება ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას ყველანაირი მეთოდით ცდილობს.
“ამ ქალაქებში, სადაც ოპოზიციური საკრებულოა და ქართული ოცნების მხრიდან არის არჩეული მერი, ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს შეთანხმებით წინსვლა, ჩვენ სახეზე გვაქვს ძალისმიერი მცდელობა და ძალით გატანილი ბიუჯეტი, რომელიც არის დამტკიცებული იმ საკრებულოს მიერ, რომელიც დაითხოვა ამომრჩეველმა. ამას სხვაგვარად ჩვენ კვალიფიკაციას ვერ გავუკეთებთ, ვიდრე კონფრონტაციისა და დაძაბულობისკენ კიდე ერთი გადადგმული ნაბიჯი”,- ამბობს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში წინა მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომა 26 ნოემბრის დილიდან ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

