საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მკურნალობას შეწყვეტს თუ დეპუტატებს მასთან შესვლის საშუალება არ მიეცემათ.
მისი თქმით, სააკაშვილის სრული იზოლაციაც ძაან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის.
„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს. ეს იქნება კატასტროფა. მაშინ, თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი.
ასევე გეტყვით, რომ მისი სრული იზოლაციაც ძაან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის. ესე არ შეიძლება რაღაც ბალანსი უნდა გავაკეთოთ.
მას ეხლა ნახულობენ ექიმები, მაგრამ ის ადამიანები, ვისი ნახვაც უნდა და ვისთანაც უნდა ლაპარაკი, პრაქტიკულად ვერ ხედავს.
მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ ვთქვათ, ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა დღეში, ნახოს. ადვოკატი ადვოკატია, პირადი ექიმი ექიმია, ოჯახის წევრიც ოჯახის წევრია… ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან“, – განაცხადა ყიფშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 19 ნოემბერს, გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ის 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

