ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, რომ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უნდა დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმაზე მუშაობა, რაც გადამწყვეტია ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისათვის.

“საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მორიგი პროცესი დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები შექმნა და აპირებს მიმდინარე კვირას მოუსმინოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხივე კანდიდატს, რის შემდეგაც კანდიდატები ასარჩევად პლენარულ სხდომას წარედგინება. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს აღნიშნულ პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს ოთხი კანდიდატი წარუდგინა გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაწყებული შერჩევის ორი კონკურსის ფარგლებში. მათ საფუძველზე გამოვლენილი სერიოზული ხარვეზები, მათ შორის პროცესის სამართლიანობისა და კანდიდატებს შორის თანასწორობის მიმართულებით, დაწვრილებით არის აღწერილი ეუთო/ოდირის მესამე ანგარიშში.

სამწუხაროდ წლიდან წლამდე მცირდება იმ განმცხადებლების რაოდენობა, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, რაც შერჩევის პროცედურის მიმართ უნდობლობას აჩვენებს. ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადება მხოლოდ 51-მა კანდიდატმა წარადგინა, საიდანაც 17-მა თავისი კანდიდატურა მოხსნა, სამი კანდიდატი კი საბჭოს გადაწყვეტილებით გამოეთიშა კონკურსს. ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრირებული ჯამში 18 კანდიდატიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ ხუთი მათგანის შეფასება შეძლო, ვინაიდან დანარჩენებმა საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ორივე კონკურსის ჯამში დამატებითი განცხადება მხოლოდ სამმა კანდიდატმა წარადგინა, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული მექანიზმის არაეფექტიანობასა და ხარვეზულობას.

განსაკუთრებულად გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ მეორე კონკურსში კანდიდატებთან გასაუბრებასა და მათ შეფასებაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 10 წევრი – ცხრა მოსამართლე წევრი და პრეზიდენტის მიერ დანიშნული ერთი წევრი, ვინაიდან ამ დროისათვის პარლამენტის მიერ არჩეულ ხუთივე არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ამოწურული ჰქონდა, ხოლო მათ ნაცვლად ახალი წევრები პარლამენტს ამ დრომდე არ აურჩევია.

საქართველოს პარლამენტმა უვადოდ პირველად 2019 წლის 12 დეკემბერს აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, 2021 წლის 12 ივლისს კი დამატებით 6 მოსამართლე განაწესა უვადოდ უზენაეს სასამართლოში. ამ გადაწყვეტილებებმა, რომლებიც სამართლებრივი თვალსაზრისით საკმაოდ პრობლემური იყო, დიდი დარტყმა მიაყენა მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში. სახალხო დამცველი მიმდინარე წელსაც გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს და კიდევ ერთხელ წარმოადგინა სამართლებრივი მიზეზები, რის გამოც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მთელი ეს პროცესი პრობლემური იყო. აღნიშნული არგუმენტები დღესაც ძალაშია. კერძოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირება, მანამდე კი, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე გამოცემულ მეოთხე ანგარიშშიც, სადაც აღწერილია მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი სერიოზული პრობლემები, პირველივე უმთავრეს რეკომენდაციად სწორედ უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების შერჩევის პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა მითითებული, ფუნდამენტური სასამართლო რეფორმების განხორცილებამდე. ძირეული რეფორმირების საჭიროებაზე და ახალი მოსამართლეების არჩევის შეჩერებაზე მითითებულია ასევე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მომზადებულ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაში – „სამომავლო გზა საქართველოსათვის.“

კვლავინდებურად მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მოვუწოდებთ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის მიმდინარე პროცესი და დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმაზე მუშაობა, რაც გადამწყვეტია ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისათვის“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

სარალიძე მთავრობაზე: ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით მემუქრებიან

გვარამია პროკურატურას: პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ყველანი გამოკვლევებულები არიან

POG: გვარამიამ სააკაშვილის პროცესზე პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა, დავიწყეთ გამოძიება

დიდ დიღომში, ადგილზე, სადაც პარკს ითხოვენ, მოსახლეობამ ჯვარი აღმართა

გვარამია: შემდეგი წითელი ხაზი სად გადის ახლა ნეტა, როდის გავიგებთ? მოვემზადოთ ჩვენც, ხო უნდა დავცხოთ მედიამაც

დეპუტატ ვიქტორ სანიკიძეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს