საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გაიარა ისეთი განსაწმენდელი ქვეყანაში, როგორიც ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ზვიად გამსახურდიას შემდეგ არავის გაუვლია.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ემოციური და მორალური ომი უკვე მოგებული აქვს.
“სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია, შეასრულა, სააკაშვილმა გაიარა ისეთი განსაწმენდელი ამ ქვეყანაში, არავის რომ არ გაუვლია ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ზვიად გამსახურდიას შემდეგ, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნა არ დასცალდა და ეს არც იყო მისთვის საჭირო. სააკაშვილმა რა შეცდომებიც დაუშვა, თუ როგორ იბრძოლა, თუ არ იბრძოლა, გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი. დღეს ის ჩემს თვალში, გაცილებით მაღლაა, ვიდრე ვარდების რევოლუციის დროს იყო. პირადი ამოცანა მას შესრულებული აქვს, ემოციური და მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს, მაგრამ აქ ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ პირადი რაღაც, საკუთარი თავი გაესუფთავებინა, ვიღაცას ჰგონია, რომ სჭირდებოდა, ვიღაცას ჰგონია, რომ არ სჭირდებოდა, ამას თავი დავანებოთ, აქ ჩამოვიდა, რადგან ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს. ეს ამოცანა, მისი აზრით, ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ ძალიან, ასე ვთქვათ, შეთანხმებული, მკაფიო და თანმიმდევრული ქმედებების პირობებში ეს ამოცანა შესრულებადია”, – განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 19 ნოემბერს, გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ის 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

