ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი მრჩეველი ვლადიმერ რეზნიკი გაათავისუფლა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა: “მას შემდეგ, რაც საბინაო-კომუნალური მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი მარჩენკო დააკავეს, ჩემი დავალებით შიდა შემოწმება ჩატარდა, რომლის მსვლელობის დროსაც ჩვენ გამოვავლინეთ, რომ ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი რეზნიკი ოლქის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს უკანონოდ გასცემდა”. – წერს სააკაშვილი.
მისივე თქმით, მან უკრაინის შინაგან საქმეთა სამმართველოსა და პროკურატურის ხელმძღვანელობა ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის სხდომაზე მიიწვია, სადაც რეზნიკი საჯაროდ გაათავისუფლა და სამართალდამცავ ორგანოებს მისი საქმიანობით შესწავლისკენ მოუწოდა. “იმ დროს, როდესაც ჩვენ ოდესაში ტრადიციული კორუფციული ვერტიკალი გავანადგურეთ, მე განსაკუთრებით შეურიგებელი ვიქნები”. – წერს სააკაშვილი.