ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე სააკაშვილზე: სასჯელაღსრულების წარმომადგენლები გადაყვანისას სათანადოდ ეპყრობოდნენ

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ერთადერთი ამოცანა დამიანის უფლებების კუთხით სტანდარტების დაცვაა.

მისი თქმით, გლდანის ციხეში გადაყვანის დროს სააკაშვილის მხრიდან იყო ძალადობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან კი, იყო სათანადო მოპყრობა.

“ჩვენი ერთადერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების კუთხით სტანდარტების დაცვა. მათ შორის ისეთი მძიმე პატიმრის მიმართ, როგორიც მიხეილ სააკაშვილია. სწორედ ამ ამოცანიდან გამომდინარე მოქმედებს სახელმწიფო და თითოეული სტრუქტურა. როდესაც საუბარია პატიმრების შეძახილებზე, როდესაც გინება ისმის მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს არ არის არც სასიამოვნო და არც მისაღები. მაგრამ როდესაც ხდება ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანა შეიძლება ასეთი რამ მოხდეს.

როდესაც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, იქ ასეთი რისკები ხომ ბევრად უფრო მეტი იყო. ეს სამწუხარო რეალობაა. ჩვენთვის მთავარია ადამიანის უფლებების კუთხით სტანდარტების დაცვა, რადიკალურად შეიცვალა ვითარება 2012 წლის შემდეგ, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ის, რომ საუბარია მაღალ მატერიებზე და არა იმაზე, რომ ვიღაცას შეიძლება წამების ან არაადამიანური მოპყრობის კუთხით ჰქონდეს პრობლემა, ეს ის რეალობაა, რომელიც სწორედ 2012 წლის შემდეგ დადგა საქართველოში. თუ შეიძლება ციხეს კომფორტი შეექმნას, ყველა ხედავს რამდენად კომფორტულია ის გარემო, რომელიც დღეს არის შექმნილი.

რაც შეეხება ძალადობას – გადაყვანის დროს სააკაშვილის მხრიდან იყო ძალადობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან კი, იყო სათანადო მოპყრობა”, – განაცხადა კობახიძემ ღამის კურიერში.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 41-ე დღეა შიმშილობს. როგორც სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ, გლდანის ციხეში გადაყვანისას განაცხადა, მასზე ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა.

იტვირთბა....