ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

“ყველაზე დაბალანაზღაურებადი ჩინოვნიკი ვარ საქართველოში”

ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს დიასპორის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბრეგაძესთან

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-იმ 2015  წლის პირველ ნახევარში სამინისტროებში დარიგებული ხელფასები და დანამატების სია გამოაქვეყნა. კვლევაში მითითებულია, რომ „საქართველოს სამინისტროებს შორის, რომლებმაც ინსტიტუტს სრულყოფილად მოაწოდეს ინფორმაცია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენს ერთადერთ უწყებას, სადაც 2015 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ოდენობა აღემატება სახელფასო დანამატების ოდენობას. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ხსენებული სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებისათვის, გარდა მინისტრისა, ყოველთვიური სახელფასო დანამატი დაწესებული არ არის.“

ეს გულისხმობს იმას, რომ სამინისტროებმა წლის განმავლობაში პრემიებზე მეტი დანამატი აიღეს, მაშინ როცა დიასპორის სამინისტრომ პრემია მეტი მიიღო, ვიდრე-დანამატი. თუმცა, აქ  მთავარი რიცხვებია: თუ თავდაცვის სამინისტრომ პრემიად 59414 ლარი მიიღო 2015 წლის პირველ ნახევარში, ხოლო დანამატად – 670887,  დიასპორის სამინისტრომ პრემიად 35091 ლარი მიიღო, ხოლო დანამატად-16260. საერთო ჯამში, დიასპორის სამინისტრო გაცემული პრემიების და დანამატების სიაში სამინისტროებს შორის ბოლო ადგილს იკავებს. 51 351 ლარია გაცემული მთლიანად დიასპორის სამინისტროში 6 თვის განმავლობაში, მაშინ როცა, თავდაცვის სამინისტროში, რომელიც სიაში პირველია, წლის პირველ ნახევარში გაცემულია 730 301 ლარი.

„მეტრონომი“ დიასპორის მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ბრეგაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აგვიხსნა, თუ რატომ აქვს სამინისტროს ყველაზე დაბალი ნიშნული დანამატების სიაში და ზოგადად როგორ უყურებს პრემიებისა თუ თანამდებობრივ სარგოს დამატებულ ბონუსებს:

„მეტრონომი“: ბატონო სანდრო, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში დიასპორის სამინისტროს ყველაზე დაბალი დანამატები აქვს აღებული. რატომ, რა პრინციპით ირჩევა რომელი სამინისტრო აიღებს მეტ ან ნაკლებ დანამატს?

სანდრო ბრეგაძე: ამის შესახებ მე ვერაფერს გეტყვით, რადგან რომელ სამინისტროში რა ხელფასები და დანამატები გაიცემა, ამაზე იმ სამინისტროს ხელმძღვანელებმა უნდა გიპასუხონ. საერთოდ მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ზეგანაკვეთზე მუშაობენ, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინიტროში, თავდაცვის სამინისტროში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, რა თქმა უნდა, უპრიანია დანამატები დაენიშნოთ. სამოქალაქო სამინისტროებზე, როგორიც ჩვენი სამინისტროა, ვფიქრობ, რომ კატასტროფული დანამატების გაცემა მიზანშეწონილი არ არის. სხვათაშორის, ეს კატასტროფული დანამატების პრაქტიკა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დანერგა თავის დროზე. პირდაპირ შემიძლია გითხრათ და თქვენც შეგიძლიათ იხილოთ “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი მინისტრების და მათი მოადგილეების თვიური შემოსავალი და დაინახოთ, რომ დღევანდელი თანამდებობის პირების შემოსავალი და დანამატები მათთან შედარებით მიზერულია. ეს პირდაპირ დაწერეთ: მიხეილ სააკაშვილი თავის საყვარლებს, ხარჭებს, ნათესავებს, მეგობრებს, ნაცნობებს უნიშნავდა პრემიებს და დანამატებს. ნეპოტიზმი მაშინ იყო ყველაზე მეტად განვითარებული. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მე პირადად ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, რომელი ოჯახიც სიმდიდრით არ გამოირჩეოდა. ინტელიგენტის ოჯახში ვარ გაზრდილი, მამაჩემი აკადემიკოსია. გაჭირვების ფასიც ვიცი და იმის ფასიც, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა პატიოსნად. თავის დროზე, დევნილთა სამინისტროში, როცა შემომთავაზეს, რომ სამსახურეობრივი ახალი მანქანა მიმეღო, ამაზე უარი განვაცხადე და რამდენიმე ადამიანის ნახმარი, ათი თუ თხუთმეტი წლის ავტომობილით დავდივარ დღესაც. ასე ცხოვრება მირჩევნია. ეს ინდივიდუალურია, თუ ვინ როგორ უდგება თავის თანამდებობას. ვერავის განმსჯელად, ან დამცველად ვერ გამოვდგები ამ შემთხვევაში. ფაქტი ფაქტად რჩება – მე ყველაზე დაბალანაზღაურებადი ჩინოვნიკი ვარ საქართველოში.

– არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ დიასპორის სამინისტროში მინისტრის მოადგილეებს კანონით არ ეკუთვნით დანამატი. რატომ?

– ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ ჩახედული. მეც პრესისგან გავიგე, რომ ეს მონაცემები გამოქვეყნდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. ყველა სამინისტრო ინდივიდუალურად წყვეტს ამ საკითხს, ჩვენმა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ არ აგვეღო დანამატები და სხვათაშორის, ამის აფიშირებაც არ მოგვიხდენია, თქვენ თვითონ ხართ ამის მოწმე. უბრალოდ, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ეს მონაცემები. არ მიმაჩნია, რომ ეს განსაკუთრებული გმირობაა და ამის აღნიშვნა არ ღირს.

– თუმცა არასამთავრობომ გამოაქვეყნა, რომ დანამატები კანონით არ გეკუთვნით დიასპორის მინისტრის მოადგილეებს და არა ისე, რომ თქვენ თავად თქვით უარი.

– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვინც ზეგანაკვეთზე არ მუშაობს, იმათ არ ეკუთვნით მგონი. ფაქტი ფაქტად რჩება, თითქმის ყველა სამინისტროს დანამატები აღებული აქვს, ასე არ არის?

– ნამდვილად ასეა. თქვენი შემთხვევა ჩვენთვის საინტერესო გახდა სწორედ იმიტომ, რომ ყველაზე დაბალი ნიშნული გაქვთ პრემიებისა და დანამატების სიაში.

– ყველა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლები გაცემულ ხელფასებსა თუ დანამატებზე თვითონ გაგცემთ პასუხს. ჩემი სამინისტროს მაგალითი შემიძლია გითხრათ მხოლოდ და ჩვენთან ძალიან შეზღუდულია ეს ყველაფერი.

– კანონმდებლობის მიხედვით, დანამატების და პრემიების საკითხი საჯარო სამსახურებში მკაფიოდ არ არის განმარტებული.  კვლევაში მითითებულია, რომ საკითხი დაურეგულირებელია. ეთანხმებით ამ ხედვას? არსებობს ხარვეზი იმ კანონში, რომლის მიხედვითაც გაიცემა საჯარო სამსახურებში თანამდებობრივი სარგო, დანამატები თუ პრემიები?

– ჩემი მოსაზრებაა, რომ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ფორმა მისაცემი აქვს. ყბადაღებული თემა, რომ  აღარ იყოს და პოლიტიკური ოპონენტები მუდმივად ამ თემაზე არ აპელირებდდნენ. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ხელისუფლების წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი, რომ ვიღაცები, რაღაც ფანტასტიკურ რიცხვებს იღებენ დანამატების სახით. ჩვენ თუ გვინდა კორუფცია გამოვრციხოთ, ამისთვის ნებისმიერ ადამიანს, ეს იქნება მუშა, ინჟინერი თუ თანამდებობის პირი, თავისი სამუშაოს შესატყვისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. შევარდნაძის დროს პოლიციელები ქრთამს რატომ იღებდნენ? იმიტომ, რომ მათი ხელფასი დაახლოებით ასი დოლარის ეკვივალენტი იყო, საწვავს მანქანაში არ უსხამდნენ, არც ტყვია-წამლის ფულს აძლევდნენ და არანაირი საშუალება არ ჰქონდათ. იძულებულები იყვნენ ქრთამი აეღოთ.

რა თქმა უნდა, არ ვამართლებ ქრთამის აღებას, მაგრამ იმ დროს მიზეზი ეს იყო და მთელი სისტემა კორუმპირებული გახლდათ.  ვიღაცები შეიძლება გამოვიდნენ, უმაღლესი მორალური პრინციპების მქონე ადამიანები, რომლებიც ზეცაში დაფრინავენ და თქვან, რომ ხელფას არ აქვს მნიშვნელობა, მათ თავიანთი საქმე უნდა აკეთონო, მაგრამ ადამიანები ვართ, იცით? ადამიანთა სამყარო სამოთხე არ არის, სადაც უფალი აწესრიგებს  ყველაფერს და ყველა სამართლიანად და პატიოსნად ცხოვრობს. ყველა ადამიანები ვართ და რა თქმა უნდა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ხელი წაუცდეთ. პოლიციელს, სამხედროს (ამ პროფესიებზე მაქვს აქცენტი), უნდა ჰქონდეთ საშუალება, ნორმალურად იცხოვრონ, რომ თავიანთი უფლება-მოვალეობა კარგად შეასრულონ. თუ ვინმე გაზულუქებული ჩინოვნიკი ზის და ფულებს ხაპავს, დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ პირველი მოწინააღმდეგები მე და მთაბრობა ვიქნებით, რომ ეს ასე არ მოხდეს.

ეს მხოლოდ პირად ინიციატივაზე ხომ ვერ იქნება დამოკიდებული, ალბათ კანონში გარკვეული ცვლილებებია შესატანი.

– ალბათ აუცილებელია. თუმცა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს გამოიცა შიდა ინსტრუქცია იმის თაობაზე, რომ მაქსიმალურად შეზღუდულიყო პრემიები და დანამატები. შემდგომში უკვე, ეს როგორ შესრულდა, სიმართლე გითხრათ, ინფორმაცია არ მაქვს…

მანა ნოდია

იტვირთბა....