აზერბაიჯანში შექმნილი სავალუტო კრიზისი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის ბაკურიანსა და გუდაურში აზერბაიჯანელი ტურისტების ნაკლებობა უკვე შეიმჩნევა.
ეს კი, სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, მეორე მნიშვნელოვანი დარტყმაა ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაზე, განსაკუთრებით ზამთარში: ტრადიციულად, ზამთრის სეზონზე ბაკურიანში დამსვენებლების 80-90 პროცენტს აზერბაიჯანელები შეადგენდნენ და საოჯახო სასტუმროების შემოსავლები ძირითადად მეზობელი ქვეყნის ვიზიტორებზე იყო დამოკიდებული, წელს ამ მხრივ ვითარება შეიცვალა. „კომერსანტის” მიერ გამოკითხულ სასტუმროებში ტურისტების შემცირებაზე საუბრობენ. ამის მიზეზად, აზერბაიჯანელი დამსვენებლების სიმცირე სახელდება, რაც, თავის მხრივ აზერბაიჯანში მანათის 50%–იანი გაუფასურებითაა გამოწვეული.
სასტუმრო „ვერე პალასი ბაკურიანის” მენჯმენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ტურისტები შედარებით ნაკლებად ატარებენ საახალწლო პერიოდს ბაკურიანში ვიდრე გასულ წელს. მათი თქმით, სასტუმროს ძირითადი კლიენტურა აზერბაიჯანიდან იყო, თუმცა, მეზობელი ქვეყნიდან წელს ვიზიტორების ნაკადი შემცირდა, ასევე შემცირებულია ქართველები დამსვენებლების რაოდენობაც.
როგორც მენეჯმენტი აცხადებს, მეზობელი აზერბაიჯანიდან ტურისტების შემცირების მიზეზი სავარაუდოდ ეკონომიკური კრიზისია, რაც ავტომატურად მათ შემოსავლებზეც აისახა.
სასტუმროში ერთ ადგილიანი ნომრის ღირებულება 100 დოლარია, გაუმჯობესებული ნახევრად ლუქსის ღირებულება კი 300 დოლარს შეადგენს.
აზერბაიჯანელი ტურისტების მკვეთრ შემცირებაზე საუბრობენ სასტუმრო „ევროპა ბაკურიანშიც”. მათი ინფორმაციით, თუ გასულ წლებში სასტუმროს ძირითად კონტინგენტს აზერბაიჯანელი დამსვენებლები შეადგენდნენ, წელს მდგომარეობა შეიცვალა. სავალუტო კრიზისის გამო, აზერბაიჯანელ ტურისტებს აღარ აქვთ გართობის და დასვენების საშუალება, რაც ძალიან ცუდად აისახა ბაკურიანში არსებულ სასტუმროებზე.
რაც შეეხება ქართველ დამსვენებელს, მათი განცხადებით, ეს სეგმენტიც შემცირებულია. სასტუმროში აცხადებენ, რომ ვისაც ფული და დასვენების საშუალება ჰქონდა, ბინები ბაკურიანშიც იყიდა და სასტუმროში ფულს აღარ ხარჯავს. „ვისაც ცოტა საშუალება გაუჩნდა, ყველა ბაკურიანელი გახდა, ასე რომ, წელს სეზონი არც თუ კარგია”-აცხადებენ სასტუმრო „ევროპა ბაკურიანში”.
მათი ინფორმაციით, სასტუმროში 1 ადგილიანი ნომრის ღირებულება 90 ლარიდან იწყება.
სასტუმრო „რიწას” მენეჯმენტის ინფორმაციით, აზერბაიჯანში არსებული ეკონომიკური კრიზის გამო, მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები თავს იკავებენ ბაკურიანში დასვენებისგან. მათი თქმით, თუ ადრე ანალოგიურ პერიოდში სასტუმროს 80 პროცენტს აზერბაიჯანელები წარმოადგენდნენ, წელს მათი რიხვი მკვეთრად შემცირდა. ამ დრომდე სასტუმრომ მხოლოდ 5 აზერბაიჯანულ ოჯახს უმასპინძლა.
მათივე ინფორმაციით, საგრძნობი კლებაა ქართველ ტურისტებშიც. ფასები ერთ ადამიანზე 55$- 60$-დან იწყება.
იგივე ტენდენციას ადასტურებს “ოტელ აპარტამენტების კომპანიის” დამფუძნებელი მაია მაჭარაშვილიც. აზერბაიჯანელი დამკვეთების მხრიდან, სწორედ მანათის გაუფასურება გახდა მათთან რამდენიმე საახალწლო ჯავშნის გაუქმების მიზეზი.
შეგახსენებთ: 21 დეკემბრიდან, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი მანათის „მცურავ კურსზე“ გადავიდა. შედეგად, მანათი ერთ დღეში ევროსა და თიბისისთან მიმართებაში თითქმის 50%–ით გაუფასურდა. ქვეყანაში სავალუტო კრიზისია – გავრცელებული ინფორმაციით, 7 იანვარს აზერბაიჯანის ბანკებმა შეწყვიტეს ვალუტის გაყიდვა, დაწესდა შეზღუდვები დოლარისა და ევროს გადაცვლაზე.
წყარო: Commersant.ge