თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საგანგაშოა.
მისი თქმით, ქორწილებსა და ქელეხებს მასშტაბური პოლიტიკური აქციებიც დაემატა.
“ეპიდსიტუაცია საგანგაშოა და თანაც გვაქვს მზარდი ტენდენციები. თუ ქვეყნის მოსახლეობა რადიკალურად არ შეცვლის დამოკიდებულებებს ამ საკითხზე და სიტყვიერი შეშფოთებიდან არ გადავა ქმედებაზე, უნდა ველოდოთ შემთხვევების შემდგომ ზრდას.
როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს მკურნალობისა და მოვლის პროცესი კლინიკებში, თუ გაგრძელდება შემთხვევების ზრდა გაგრძელდება გარდაცვლილთა რიცხვის მატებაც. სამი ძირითადი ფაქტორი ზრდის მასშტაბებს და სამივე კომპონენტში საქართველოში დღეს გვაქვს ყველაზე უარესი სცენარი. პირველი – ვაქცინაციის ძალიან დაბალი დონე. მეორე – პირბადეების ტარება. საქართველოს მოსახლეობა ვერა და ვერ შეეჩვია პირბადეების ტარებას. მესამე – ხალხმრავალი შეკრებები. ხალხმრავალ შეკრებებს ისედაც არ უჩიოდა ჩვენი ქვეყანა თავისი ტრადიციებით, ქელეხები, ქორწილები და ა.შ. ახლა ამას დაემატა მასშტაბური პოლიტიკური აქციები”, – განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ გაუარესდა და ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 5 000-ს აღემატება.