ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ომბუდსმენი: ციხის კლინიკაში სამედიცინო ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს

სახალხო დამცველის აპარატმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა. ომბუდსმენის ცნობით, მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

ომბუდსმენი ხაზსს უსვამს, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სამწუხაროდ, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს:

“შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულება აღიჭურვა დუპლერ-სკანირების აპარატით, ამასთან მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ინტენსიური მზადება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის ინსტალაციის მიზნით. დაწესებულების ადმინისტრაციისა და სამედიცინო პერსონალის განმარტებით, აღნიშნული პროცესი დასრულდება რამდენიმე დღეში. გარდა ამისა, დაწესებულებაში დასაქმდა 5 ექიმ-რეანიმატოლოგი, რომლებიც მორიგეობას უწყვეტად ახორციელებენ. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ დაწესებულებას გააჩნია სრულად აღჭურვილი ლაბორატორია და შესაბამისი სამედიცინო პერსონალი”. – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებაში ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოების პრობლემასა და მისთვის ღირსების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფის საკითხზე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ  N12 პენიტენციური დაწესებულების კატეგორიის პატიმრის მოთავსება ისეთ დაწესებულებაში, სადაც მას სხვა პატიმრებთან შესაძლოა ჰქონდეს გადაკვეთა, წარმოშობს როგორც N18, ისე N8 დაწესებულების დეზორგანიზაციისა და უსაფრთხოების რისკებს.

“ამ კუთხით არსებული ვითარება წინა ვიზიტის შემდგომ არ შეცვლილა. დაწესებულებაში ფიზიკური უსაფრთხოების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა არსებული ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს. პრობლემური იქნება მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლაც, ვინაიდან ნებისმიერ შემსვლელს, მათ შორის ადვოკატებს, მოუწევთ გაიარონ N8 დაწესებულების ეზო, სხვა პატიმართა საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს, რა დროსაც იზრდება გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირებისა, თუ შეურაცხყოფის მიყენების საფრთხე”. – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში

იტვირთბა....