მთავარი პოლიტიკა

კალაძე სააკაშვილზე: რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს მისი ციხეში ყოფნა, მაგრამ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა არაის უხარია, თუმცა მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი.

მისი თქმით, სააკაშვილი რეჟიმის მთავარი შემოქმედი იყო, რომელიც აუბედურებდა ოჯახებს და კლავდა ახალგაზრდებს.

“როდესაც ადამიანს აქვს ძალიან მძიმე დანაშაულები, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს. რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა? რა არის ამაში სასიხარულო, მაგრამ ადამიანს, როდესაც ასეთი მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი – ადამიანი, რომელიც იყო მთავარი შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც აუბედურებდა, კლავდა, ოჯახები, ახალგაზრდები, გაანადგურა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს ხომ ძალიან ცუდი იყო და არავის მოგვწონდა? ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას და ვერავინ უნდა გაბედოს თავისი ქვეყნის მოქალაქეების ჩაგვრა, ძალადობა და მსგავსი დამოკიდებულება”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 35-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატებისა და პირადი ექიმის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ საავადმყოფოში განხორციელდება.

იტვირთბა....