ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: მელიას პირველ ტურში რომ გაემარჯვა, რა უნდა გაეკეთებინა? საარჩევნო პროგრამაც არ ჰქონდა

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ნიკა მელიას პირველ ტურში საარჩევნო პროგრამა არ ჰქონდა.

მისი თქმით, მელიამ არჩევნების მეორე ტურში რამდენიმე არასერიოზული დაპირება გააჟღერა.

“თეორიულად ვთქვათ, პირველ ტურში ნიკა მელიას რომ გაემარჯვა, რა უნდა გაეკეთებინა? ადამიანს მთელი კამპანიის განმავლობაში ერთი სიტყვა არ დასცდენია თბილისზე. ნიკა მელიას საარჩევნო პროგრამა არ გააჩნდა. მეორე ტურის დროს რამდენიმე დაპირება გააჟღერა, ისიც არასერიოზული. 100 სტუდენტს ჰპირდება საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას. ამ დროს განათლების სამინისტრო ყოველწლიურად 900-ზე მეტ სტუდენტს უცხოეთში სწავლას სრულად უფინანსებს. 2014 წლიდან მუშაობს ეს პროგრამა და ის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით განხორციელდა. ნიკა მელია კი სასწავლებლად ცხრაჯერ ნაკლები სტუდენტის გაშვებას აპირებს. რაც შეეხება პენსიებს, ეს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. ამ დაპირებებშიც ჩანს, მოუმზადებლები არიან. არ იციან, რა სჭირდება მუნიციპალიტეტს. ამიტომ ვამბობდი, ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც დეტალურად საუბრობდა, ამ ქალაქის განვითარებისთვის რა უნდა გაკეთებულიყო”, – განაცხადა კალაძემ პირველი არხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....