მოძრაობა სირცხვილია ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხმაურება.
ორგანიზაციის თქმით, თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ თითქოს მათ არც კი დაუშვიათ, რომ ტელევიზიის წილების დაყადაღება მოეთხოვათ, შორსაა ადეკვატურობისგან და ეფუძნება ილუზიას, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს როგორ ქვეყანაში ცხოვრობს, არ ახსოვს გუშინდელი მოვლენები და ვერ ჭვრეტს ხვალინდელს.
“სისტემის უკან დახევა, ღრმა რწმენით, გამოწვეულია ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, მედია-კოლეგების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების და უბრალოდ, მაყურებლების მყისიერი და მასშტაბური მხარდაჭერით.
თვალსაჩინოა, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ხელისუფლების მტრის ხატის პოლიტიკის გაძლიერების მორიგი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და მათი ანტიდემოკრატიულობით დაღლილი საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტის და ბრაზის ისეთ ტალღად იქცა, რომ ერთადერთი ხელსაყრელი გზა ფირფიტის გადაბრუნება დარჩა.
გვსურს შეგახსენოთ, რომ ქართული ოცნების მთავრობა დიდი ხანია მხოლოდ მაშინ ერიდება დანაშაულებრივ ქმედებას, როდესაც მისი განხორციელებით უფრო დიდი პოლიტიკური ზიანის პერსპექტივას ხედავს, ვიდრე არგანხორციელებით.
გვახარებს ქვეყნის დემოკრატიის მცველების შემართება და ვისურვებთ, რომ კარს მომდგარი არჩევნების პირობებში მოსალოდნელ ყველა რეპრესიას ასე ერთსულოვნად აღვუდგეთ წინ და ნაბიჯ-ნაბიჯ გადავჩეხოთ ავტორიტარიზმი იქ, სადაც ის ჩვენს გადაჩეხვას ცდილობს.
ვიცით რომ არ გამოუვათ, რადგან მათ მხარეს პირადი კეთილდღეობაა, ჩვენ მხარეს კი სიმართლე, ღირსება და უკომპრომისო თავდადება.
სოლიდარობა კრიტიკულ მედიას და მებრძოლ ჟურნალისტებს! სოლიდარობა დემოკრატიულ საქართველოს!”, – აღნიშნულია სირცხვილიას განცხადებაში.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ ტელეკომპანია ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.