დეკანოზი თამაზ ლომიძის განცხადებით ეკლესია არჩევნებში უნდა ჩაერიოს.
ამის შესახებ დეკანოზი ფეისბუქ პოსტის საშუალებით საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმაურება.
მისივე თქმით, ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, რომ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ მხოლოდ მას, ვინც უსასრულოდ არ იტყუება.
“ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, რომ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ მხოლოდ მას, ვინც უსასრულოდ არ იტყუება, ვინც ასრულებს დანაპირებს, ვინც არ “გადააგდებს” პარტნიორებს, ვინც საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ კურსს ცივილიზირებული სამყაროსკენ არ გადაუხვევს და ისევ რუსეთს არ დაგვამონებს, ვინც რეალურად ყოველდღე იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ, ვინც ოკუპანტთან მონურად არ თანამშრომლობს, ვინც მოღალატეებს და უცოდინრებს არ დააწინაურებს, ვინც სირთულეებზე, შეცდომებზე და ხალხის გაჭირვებაზე ღიად ისაუბრებს, იშრომებს და გადაჭრის მათ პრობლემებს და არა უსასრულო ტყუილებით და თავის მოსულელებით დაიმალება მათგან და ბოლოს, ვისაც ესმის რას ნიშნავს გქონდეს საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყანა, ვინც პატივისცემით მოეპყრობა და ღირსებას აღუდგენს ქართულ სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებს. ეს ნამდვილად უნდა უთხრას ეკლესიამ მრევლს არჩევნების წინ. შემდეგ ყველამ საკუთარი ჭკუა-გონებით შეაფასოს და აირჩიოს”, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე
ცნობისთვის, 24 სექტემბერს ტელეკომპანია ერთსულოვნების ეთერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელევიზიებსა და “მათ უკან მდგარ” პირებს მიმართა.