პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ცაგერის მერობის კანდიდატს ბესო ბენდელიანს დღეს გამთენიისას ავტომანქანა დაუცხრილეს.
ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მეზვრიშვილი მომხარ ფაქტზე პასუხისმგებლობას ქართულ ონებას აკისრებს.
„პარტია „საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიას პრაქტიკულად ვერ ატარებს. დღეს გამთენიისას, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მანქანა დაუცხრილეს ცაგერის მერობის კანდიდატს ბესო ბენდელიანს. პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება „ოცნების“ ხელმძღვანელობას, კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებენ და ახალისებენ სიძულვილის ენას. ამაზე ასევე ბუნებრივია პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს, გომელაურს, გენერალურ პროკურორს, შოთაძეს, რომლებიც არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ განცხადება ოფიციალურად შევიტანეთ.
ისინი დღემდე არ ახდენენ რეაგირებას აკაკი ბართაიას მიმართ იარაღის ჩადებაზე და პატიმრობის დროს განხორციელებულ მუქარაზე. უფრო მეტიც, ეს ადამიანები ბედავენ და ბართაიას დაცვის უფლებას უზღუდავენ. სამწუხაროდ, „ოცნების“ ასეთმა უმოქმედობამ მიგვიყვანა რამდენიმე დღის წინ დმანისამდე და ახლა უკვე ცაგერში მანქანის ჩაცხრილვამდე. არავინ იცის არჩევნების დღეს ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.