ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრების გასაჯაროებისათვის  2 000 ლარით დააჯარიმა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად აფასებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და დაჯარიმდა 2 000 ლარით. ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

ამასთან შსს-ს მიერ გავრცელებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით.  უწყების შეფასებით, ბრიფინგებზე არ იქნა განმარტებული ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან აღნიშნული ჩანაწერების კავშირი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, შემოწმების შედეგად გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს, რომ ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლ(ებ)ის მხრიდან გამჟღავნების ფაქტს ჰქონდა ადგილი.

“შემოწმების შედეგად გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს ალექსანდრე ლაშქარავას პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლ(ებ)ის მხრიდან გამჟღავნების ფაქტზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს ძალადობრივი  ჯგუფის წევრებმა “TV პირველის” ოპერატორს, “სირცხვილიას” ოფისთან, სასტიკად სცემეს. თავდასხმის შედეგად ლაშქარავამ მძიმე დაზიანებები მიიღო და ოპერაცია ჩაუტარდა. 11 ივლისს ის დედამ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.

იტვირთბა....