მთავარი სოციალური ქსელი

მინდიაშვილი: სამარცხვინოა ჩვენთვისაც და ჰარვარდისთვისაც ღარიბაშვილის მიწვევა ლექციის წასაკითხად

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი სოციალურ ქსელში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ლექციის წაკითხვის ფაქტს ეხმაურება.

“შესანიშნავია ჰარვარდში ქართველოლოგიის პროგრამის დაწყება, განსაკუთრებული მადლობა ამის გამო ისევ და ისევ სტივენ ჯონსს, ჩვენს საუკეთესო მეგობარს, მაგრამ სამარცხვინოა ჩვენთვისაც და ჰარვარდისთვისაც, ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევა ლექციის წასაკითხად. სამარცხვინოა იმიტომ, რომ ღარიბაშვილი არის ადამიანი, ვინც საჯაროდ, არაერთხელ განაცხადა, რომ თვითონ და მისი მთავრობა არ დაიცავს უმცირესობებს. ამით მან უარი თქვა კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების ყველანაირი კონვენციის ერთერთი უმთავრესი პრინციპის დაცვაზე. ოპოზიციის გამუდმებულ დევნასა და მოსმენების უპრეცედენტო დანაშაულს თავი რომ დავანებოთ, ღარიბაშვილი არის პასუხისმგებელი 17 მაისისა და 5 ივლისის პოგრომებზე, რომლის უშუალო ორგანიზატორები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან და დღემდე დაუსჯელები არიან. დაუშვებელია, განსაკუთრებით სტუდენტებთან, ეს ადამიანი წარმოადგენდეს საქართველოს და საუბრობდეს იმის შესახებ, ვინ და როგორები ვართ ჩვენ – ქართველები. არ არის ეს სასაცილო და აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ“,- წერს მინდიაშვილი

ცნობისთვის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამაზე ლექციას წაიკითხავს.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2022 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს და სწორედ იქ თებერვალში ღარიბაშვილი პირველ ლექციას წაიკითხავს.

იტვირთბა....