ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია.
მისივე თქმით, ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის დოზები ფუჭდება.
„ყველაზე აქტუალურია დღეს ვაქცინაციის საკითხი. სამწუხაროდ, ყველანი შეშფოთებული ვართ, ვაქცინაციის ტემპის ერთხანს მატების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ დავძლევდით პანდემიას და მეხუთე ტალღა აღარ იქნებოდა ან იქნებოდა ძალიან რბილი, მოხდა პირიქით – ბოლო დღეებში შემცირდა ვაქცინირებულთა რიცხვი. კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის. რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს.
„ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხო. ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს? მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“ , „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ? რას აკეთებთ, საავადმყოფოებში, საზოგადოებრივ სივრცეებში ავტობუსები დადიან, კიდევ რა ქნან? თითო ადამიანს, თითო პროპაგანდისტს ხომ არ მოგამაგრებენ? დარწმუნებული ვარ, ჩემი ინტერვიუს შემდეგ გამოვა ვიღაც და დაიტლიკინებს, ეს ყველაფერი მაინც სახელმწიფოს ბრალია და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობაა, ამის არ რცხვენია? რა არის სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა? შემოიტანა მილიონობით ვაქცინა, გახსნა 300 პუნქტი“, – ამბობს ცერცვაძე, რომლის კომენტარსაც პირველი არხი ავრცელებს.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ვაქცინა თავზე საყრელადაა.

